ევროპარლამენტარების ნაწილი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები "ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რამდენიმეთვიანი რეპრესიების ფონზე ჩატარდა".
ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ არჩევნების დაკვირვება ადგილობრივი და საერთაშორისო დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ ვერ მოხერხდა, OSCE/ODIHR-ის დაგვიანებული მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით იყო გამოწვეული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან თბილისის ქუჩებში 4 ოქტომბერს მომხდარი ძალადობრივი შეტაკებების გამო.
განცხადების ხელმომწერები "ქართულ ოცნებას" ადამანის უფლებების დაცვისკენ, დემოკრატიის უკუსვლისა და რეპრესიული პოლიტიკის შეწყვეტისა და თვითნებურად დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს თვითგამოცხადებული "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რამდენიმეთვიანი რეპრესიების ფონზე ჩატარდა. ჩვენ ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად შეუშალა ხელი სანდო დამკვირვებლების ყოფნას, OSCE/ODIHR-ის დაგვიანებული მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით, რითაც ადგილობრივი ორგანიზაციების დაკვირვების უნარი დააზიანა.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ არჩევნების შემდგომ ქუჩებში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებების გამო და ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაკავება და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებულები.
ჩვენ ასევე ვგმობთ ევროკავშირის წინააღმდეგ სულ უფრო აგრესიულ კამპანიას, მათ შორის პირად თავდასხმების ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკეულ წევრ სახელმწიფოებზე.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ "ქართული ოცნების" განცხადებულ განზრახვას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები - რაც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალ მწვერვალს წარმოადგენს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, გადადგან დაუყოვნებელი ნაბიჯები და შემოიღონ პერსონალური სანქციები იმ ძირითადი პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნისათვის, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.
განცხადებას ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი; ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მუნირ სატური; ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი; ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი; ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.





