იაპონია

იაპონიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

7 სექტემბერს იაპონიის პრემიერმინისტრმა, შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, მას შემდეგ რაც ივლისის საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული მარცხის გამო მისივე პარტიის შიგნით პასუხისმგებლობის აღებისკენ მოწოდებები გაძლიერდა.

იშიბამ, რომელიც ხელისუფლებაში გასული წლის ოქტომბერში მოვიდა, თქვა, რომ ტოვებს როგორც პრემიერმინისტრის პოსტს, ასევე თავისი კონსერვატიული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას.

იშიბა თავიდანვე უპირისპირდებოდა საკუთარი პარტიის უფრო მემარჯვენე ფრთის მოწოდებებს გადამდგარიყო. ის ამტკიცებდა, რომ სურდა პოლიტიკური ვაკუუმის თავიდან აცილება იმ დროს, როცა იაპონია მნიშვნელოვანი შიდა და საერთაშორისო გამოწვევების, როგორიცაა აშშ-ს ტარიფები, ფასების ზრდა და მზარდი დაძაბულობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, წინაშე იდგა.

იშიბამ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ დიდი ხანია სურდა პასუხისმგებლობის აღება პარტიის ზაფხულის მრჩეველთა პალატის (იაპონიის პარლამენტის ზედა პალატა) არჩევნებში მარცხისთვის, თუმცა თავიდანვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გადადგომამდე აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებში პროგრესი უნდა მიეღო.

"ვინ მოილაპარაკებს სერიოზულად იმ მთავრობის ლიდერთან, რომელიც აცხადებს, რომ გადადგება?" - აღნიშნა იშიბამ.

მისივე თქმით, გადადგომისთვის საწირო შესაბამისი მომენტი მას შემდეგ დადგა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 5 სექტემბერს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც იაპონური ავტომობილებისა და სხვა პროდუქციის ტარიფები 25%-დან 15%-მდე შემცირდა.

"რადგან აშშ-სთან ტარიფებზე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან ეტაპს მივაღწიეთ, გადავწყვიტე, რომ ახლა დადგა დრო, გზა შემდეგ თაობას გავუთავისუფლო" - განაცხადა იშიბამ.

იშიბამ ასევე განაცხადა, რომ პარტიის ლიდერის არჩევნების მოსაწყობად საჭირო პროცესს დაიწყებს, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბერში ჩატარდება. მანამდე კი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ვიდრე პარლამენტი ახალ ლიდერს აირჩევს და დაამტკიცებს.

კომენტარები