ნარკოდანაშაული

ვანის პოლიციის თანამშრომლის სახლში ნარკოტიკული საშუალება იპოვეს – შსს-მ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი - 1986 წელს დაბადებული გ.ა. და 1961 წელს დაბადებულ გ.რ. დააკავეს. 

დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე გ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, გ.რ.-ს უკანონოდ გადასცა "მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი, ასევე, უკანონოდ ინახავდა.

გ.რ.-ს და გ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია "მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება" - წერია შსს-ს განცხადებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე სეკუნდა მუხლის მე-7 ნაწილით და მე-8 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები