ირანის სამთავრობო მედიები ავრცელებენ ცნობას, რომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი აკბარ ველაიათი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანს შეხვდა.
ცნობის მიხედვით, ველაიათიმ სომხეთის მხარეს უთხრა, რომ ირანი "საკუთარი უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმულ ვერცერთ ნაბიჯს" აიტანს.
ირანული სამთავრობო მედიის ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობისა და კეთილმეზობლობის შენარჩუნება საჭიროა. მან დაამატა, რომ სომხეთი ერთგულია "ირანთან მეგობრული ურთიერთობებისა და ისტორიული კავშირებისადმი".
აიათოლას მრჩეველი შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ თეირანს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად სურდა. მისივე მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დაამყარა. ველაიათიმ აღნიშნა, რომ თავად გაიღო ძალისხმევა ამ მიმართულებით მაშინ, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
ამას გარდა, ველაიათიმ გააკრიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარე ქვეყნების ჩართულობა. მისი მტკიცებით, მათი აქ ყოფნა არასტაბილურობას იწვევს. მან თქვა, რომ ირანის "ეროვნული უსაფრთხოებისადმი ნებისმიერი საფრთხე" შესაბამის პასუხს მიიღებს.
ვაჰან კოსტანიანი შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისაც.
რამდენიმე დღის წინ ველაიათიმ თქვა, რომ "რუსეთთან ერთად თუ რუსეთის გარეშე", ირანი სამხრეთ კავკასიაში ამერიკის კონტროლქვეშ მყოფი დერეფნის შექმნას ხელს შეუშლიდა.
ამას გარდა, გასულ დღეებში მედიებში გავრცელდა ცნობა, რომ ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი სომხეთს ეწვევა.
11 აგვისტოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ვაშინგტონში, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ხელშეკრულებით სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით ექსკლუზიურ სპეციალური განვითარების უფლებებს მისცემს იმ დერეფანზე, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი, აკრონიმით TRIPP დაერქმევა.
გასული წლების განმავლობაში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანი სომხეთისგან ზანგეზურის დერეფნის შექმნას ითხოვდა. ეს დერეფანი სომხეთ-ირანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გასულიყო. აქამდე მხარეები ამ პროექტზე ვერ თანხმდებოდნენ, განსაკუთრებით იმ ნაწილში, თუ ვინ გააკონტროლებდა დერეფანს.





