ივანიშვილის დეპუტატის, ლევან მახაშვილის თქმით, არის იმის შესაძლებლობაც რომ ქართულმა ოცნებამ კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე არ წარადგინოს.
"ვერ გეტყვით რა თქმა უნდა წინასწარ თარიღს, რომც ვიცოდე" - ამბობს მახაშვილი ჟურნალისტების შეკითხვაზე როდის წარადგენს ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კალაძემ საჯაროდ გამოხატა სურვილი კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი, სასურველია თუ ფორმალური პროცედურების დასრულებას დაელოდებიან.
"მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას. აქაც მოდით რა თქმა უნდა დავიცვათ პროცედურები, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ფორმალურად მოხდეს ჩვენი მხრიდან კანდიდატურის წარდგენა.
მაგრამ მე მგონი სიურპრიზი არავისთვის არის, არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი.
განწყობაც ზოგადად გუნდში გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ, მაინც სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, იმიტომ რომ რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს" - ამბობს მახაშვილი.
ქართულ ოცნებას თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა გასულ კვირაში ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც გადადეს. თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის განცხადებით, აპირებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს:
"მე გახლავართ ქალაქის მოქმედი მერი, ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, პრემიერმინისტრმაც ამაზე პირდაპირ, ღიად ისაუბრა" - თქვა კალაძემ 24 ივლისს.
5 ივნისს, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძე "აბსოლუტურად უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე".
"მე შემიძლია გითხრათ, რომ 100% არ ვიცი, 99.9 და ა.შ. იმის იქით კიდე არამთელი პროცენტით, ეს კაცი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი" - თქვა კობახიძემ.





