სირია

სირიაში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა, დაიღუპა, სულ მცირე, 7 ადამიანი

24 ივლისს ჩრდილოეთ სირიაში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით დაშავდა.

აფეთქება იდლიბის პროვინციაში მოხდა და აფეთქების მიზეზთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

სირიაში მოქმედმა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა, რომელიც დიდ ბრიტანეთშია დაფუძნებული, განაცხადა, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის საწყობში მოხდა.

სირიის სამოქალაქო თავდაცვამ, რომელიც "თეთრი ჩაფხუტების" სახელითაა ცნობილი, ასევე დაადასტურა, რომ აფეთქება სწორედ საბრძოლო მასალის საწყობის ტერიტორიაზე მოხდა.

"ჩვენი გუნდები დაღუპულთა ცხედრების ამოსაყვანად, დაშავებულთა დასახმარებლად და აფეთქების ადგილას ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობენ" - ნათქვამია "თეთრი ჩაფხუტების" განცხადებაში.

სირიის სახელმწიფო არხმა Al-Ikhbariya-მ აფეთქება "[სამოქალაქო] ომის ნარჩენებთან დაკავშირებული ინციდენტად" დაახასიათა.

სირიის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის მინისტრმა რაედ ალ-სალეჰმა X-ზე დაწერა, რომ სამაშველო ჯგუფები დაღუპულებისა და დაჭრილების ევაკუაციას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე კვლავაც მიმდინარეობს განმეორებითი აფეთქებები, რაც რეაგირების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.

კომენტარები