დონალდ ტრამპი

ტრამპი მისი და ჯეფრი ეპსტინის კავშირის შესახებ სტატიის გამო WSJ-ს ჩივილით ემუქრება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 
© AP

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი The Wall Street Journal-ს მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის კავშირზეა საუბარი, სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

17 ივლისს გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრამპმა 2003 წელს, სამი წლით ადრე, სანამ ჯეფრი ეპსტეინს  პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავებდნენ, ეპსტინისთვის გადაცემული "ვულგარული" დაბადების დღის წერილის შექმნაში წვლილი შეიტანა.

სტატიის თანახმად, წლების წინ ეპსტეინის გამოძიების მასალებს შორის იყო დაბადების დღის წერილების კრებული 2003 წლიდან, მათ შორის ერთ-ერთი წერილი დონალდ ტრამპს ეკუთვნის. გამოცემის მტკიცებით, წერილში შიშველი ქალის კონტურია დახატული, რომლის ქვეშაც ხელმოწერა Donald იკითხება. გამოცემის მიხედვით, ნახატთან ერთად წერილში არის წარწერა: "გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ, რომ ყოველი დღე იყოს კიდევ ერთი მშვენიერი საიდუმლო".

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა სტატიას "ყალბი, ბოროტული და ცილისმწამებლური" უწოდა და განაცხადა, რომ WJS, მისი მშობელი კომპანია - NewsCorp და NewsCorp-ის საპატიო თავმჯდომარე, რუპერტ მერდოკი წინასწარ გააფრთხილეს, რომ თუ სტატია გამოქვეყნდებოდა, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმებოდა.

"The Wall Street Journal და პირადად რუპერტ მერდოკი პირდაპირ გააფრთხილა პრეზიდენტმა დონალდ ჯ. ტრამპმა, რომ მათი ე.წ.  ტრამპის მიერ ეპსტეინისთვის დაწერილი წერილი იყო ყალბი და თუ ისინი მას მაინც გამოაქვეყნებდნენ, სარჩელს მიიღებდნენ" - ნათქვამია პოსტში.

კომენტარები