არჩევნები 2025

საქართველოსთვის და ლელომ თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პარტია გახარია - საქართველოსთვის და ლელოს კოალიციამ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

გახარია-საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მემორანდუმი ერთად ბრძოლას გულისხმობს, რაც ნიშნავს რომ შეეცდებიან შეთანხმდნენ მერობის არაპარტიულ, საერთო კანდიდატებზე.

"ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია ძლიერი საქართველო აცხადებს, შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე. ვეცდებით შევთანხმდეთ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებზე, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე ფორმით ნორმალიზებას ვახდენთ პროცესის. პირიქით, ეს პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის, პროტესტის გაშლის და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო არეალი არის". - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ლელოს გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის თქმით, დღეს პარტიები თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე შეთანხმდნენ, მემორანდუმი კი ქართველი ხალხის დაკვეთას ასახავს, რომ ყოველგავრი კონკურენციის გარეშე, იბრძოლონ ყველა ველზე.

რათა მოახერხონ "ივანშვილისთვსის ლეგიტიმაციის არ მინიჭება და მისი დაკოჭლება მათ შორის, საკრებულოების დონეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტში".

"ვაცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი. ვისაც გერჩით გული და გინდათ რომ აქტიურ წინააღმდეგობაში იყოთ რუსულ რეჟიმთან, შემოგვიერთდით, გეპატიჟებით ამ კოორდინაციის და თანამშრომლობის ფორმატში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე" - განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ისტორიული და გაფორმებული მემორანდუმი მოიცავს ქართველი ხალხის დაკვეთას.

კომენტარები