კოალიცია ცვლილებისთვის შეფასებით, მათი ერთ-ერთი ლიდერისთვის, ნიკა გვარამიასთვის 8 თვით პატიმრობის მისჯა არა სასამართლო გადაწყვეტილება, არამედ რეპრესიების იარაღია.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს პოლიტიკური პატიმარი არ არის მსხვერპლი, არამედ სისტემასთან ბრძოლის გამორჩეული მაგალითი.
"ეგრეთწოდებულმა სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას შეუფარდა 8 თვე, ზუსტად 6 წუთი დაჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას იმიტომ, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, სასამართლო გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური რეპრესიების იარაღი. თუმცა ყველას მინდა ძალიან კარგად ახსოვდეს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი დღეს არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი." - განაცხადეს კოალიციის წარმომადგენლებმა მედიასთან.
პარტიის აზრით, სისტემას დაუმორჩილებლობით, არ აღიარებით და სიმართლის ერთგულებით დაამარცხებენ.
"სწორედ ამ დაუმორჩილებლობით, არ თანამშრომლობით, ღირსებით და სიმართლის ერთგულებით, ყველა ჩვენ ერთად, პოლიტიკური პარტიები, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვინც დაპატიმრებულია, ახალგაზრდები, აქტივისტები, ჟურნალისტები, ყველა ის ადამიანი, ვინც არ ეპუება ამ სისტემას არაფრის ფასად, სწორედ ამ მიდგომით, ამ დაუმორჩილებლობით, არ თანამშრომლობით ჩვენ დავამარცხებთ ამ სისტემას." - თქვა ელენე ხოშტარიამ.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.





