აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიტანული პანკ რეპ დუეტის, Bob Vylan-ის წევრებს ვიზები ჩამოართვა. ამის მიზეზი მუსიკოსების მიერ ინგლისში, გლასტონბერის ფესტივალზე სცენიდან გაკეთებული მოწოდებები – "სიკვდილი ისრაელის თავდაცვის ძალებს" გახდა.
"სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯგუფი Bob Vylan-ის წევრებს ვიზები ჩამოართვა გლასტონბერის ფესტივალზე მათი სიძულვილით სავსე გამოსვლის გათვალისწინებით, მათ შორის, სიკვდილის შესახებ მოწოდებებით. უცხოელები, რომლებიც ახალისებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში სასურველი სტუმრები არ იქნებიან". - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
პანკ რეპ დუეტის ოფიციალური Instagram გვერდის მიხედვით, ჯგუფი აშშ-ში ტურნეს დაწყებას ოქტომბერში გეგმავდა.
ჯგუფის მიერ ფესტივალზე გავრცელებულ მოწოდებებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, კირ სტარმერიც გამოეხმაურა, რომელმაც განცხადებაში აღნიშნა, რომ "ასეთი სახის საშინელ სიძულვილის ენას გამართლება არ აქვს".
გაერთიანებულ სამეფოში ისრაელის საელჩომ კი განაცხადა, რომ "ღრმად შეშფოთებულნი" არიან მუსიკალურ ფესტივალზე არსებული "სიძულვილით სავსე" რიტორიკით.





