წულუკიანის კომისია

კობახიძე წულუკიანის კომისიაზე: არ აღიარებენ, წავლენ ციხეში

"არ აღიარებენ, წავლენ ციხეში" - ასე უპასუხა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ვინც არ მიდიან თეა წულუკიანის კომისიაზე, "არ აღიარებენ ამ პარლამენტს".

"მე ვერავის ვერ დავიჭერ, ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება ჯაფარიძეს, მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია არ მქონდა აქამდე, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მითუმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება...

რა შუაშია წულუკიანის კითხვები, აქ თეა წულუკიანზე კი არ არის საუბარი, აქ არის საუბარი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეზე, როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა არის ვალდებული, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.

არ აღიარებენ [ამ პარლამენტს] და წავლენ ციხეში" - თქვა კობახიძემ.

ზურაბ ჯაფარიძეს რეჟიმმა თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, მას 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ჯაფარიძის გარდა, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, გივი თარგამაძის წინააღმდეგ. მელიამ, გვარამიამ და ოქრუაშვილმა შეფარდებული გირაო არ გადაიხადეს და მათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალეს. 

კომენტარები