წულუკიანის კომისია

არ ვცნობთ წულუკიანის ფარსს, რეჟიმთან არ ვითანამშრომლებთ – კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტია ახალის წევრებმა განაცხადეს, რომ ნიკა გვარამია, რომელიც მეორედ დაიბარეს წულუკიანის კომისიაზე, არ აპირებს რეჟიმთან თანამშრომლობას და მისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, ისევე როგორც კოალიციის სხვა ლიდერები.

"გუშინ ივანიშვილის რეჟიმის ე.წ.-მა პარლამენტმა მეორედ დაიბარა პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე. პარტია ახალის და კოალიცია ცვლილების ლიდერების პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ცხადია, ისინი ამისათვის იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ნიკა გვარამია და პარტია ახალი არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან. ჩვენი პირობები არის იგივე, რაც აქვს პროტესტს, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არც ნიკა გვარამია, არც ახალი, არც კოალიცია ცვლილებისთვის წევრები არ აპირებენ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ლეგიტიმაცია მიანიჭონ რეჟიმს. ჩვენ არ ვცნობთ წულუკიანის ფარსს, რომელმაც საბოლოო ჯამში ეს ე.წ. კომისია გამოიყენა იმისათვის, რომ ხაფანგში მოაქციოს ოპოზიცია და აიძულოს უკან დახევა. კოალიცია ცვლილებისთვის და პარტია ახალი არ აპირებს უკან დახევას, არ აპირებს თანამშრომლობას რეჟიმთან და არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას". - თქვა თენგო თევზაძემ.

ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს, ამჯერად "2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების" შესახებ.

ნიკა გვარამია კომისიაზე პირველად 8 აპრილს, "2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ" ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. გვარამია სხდომაზე არ მივიდა.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.

ამის შემდეგ, გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შეუცვალა. ის 13 ივნისს დააკავეს.

გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც 1 წლამდე ვადით პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს. 

კომენტარები