დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანელი გენერალი, რომელიც რუსეთს შაჰედის დრონებს აწვდიდა, ისრაელის იერიშებისას დაიღუპა

გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე

13 ივნისს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელის, ამირ ალი ჰაჯიზადეს სიკვდილი დაადასტურა.

ჰაჯიზადე თეირანის მიერ რუსეთისთვის შაჰედის ტიპის დრონების მიწოდებას ხელმძღვანელობდა და ის ევროკავშირმა 2022 წელს დაასანქცირა.

2023 წელს ჰაჯიზადე რუსეთის იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსაც შეხვდა და მას ირანული შეიარაღება წარუდგინა.

გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ჰაჯიზადე 2020 წლის იანვარში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაშიც მონაწილეობდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ირანის რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთს მის უკანონო ომში და უკრაინელების მოსაკლავად იარაღს აწვდის".

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.

ისრაელის მიერ მოკლული ირანელი მაღალჩინოსნების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ - ვინ მოკლა ისრაელმა ირანზე მიტანილი იერიშის ფარგლებში

კომენტარები