თვითმმართველობის არჩევნები 2025

ძალიან აირია სიტუაცია – ზურაბიშვილი არჩევნებზე გასვლა-არგასვლის საკითხზე

"ძალიან აირია სიტუაცია" - მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების გასვლა-არგასვლის საკითხზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგის დასაწყისში აღნიშნა, რომ განცხადებას არ აკეთებს წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, გასაკვირი და გაუგებარია. 

მე-5 პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ "დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა არის აუცილებელი". 

"ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც ვთვლი დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოესი მომავლის პოლიტიკურ განვითარებებზე.

საჭირო არის, რომ ვიცოდეთ რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ - როცა მსჯელობა დაიწყო, მე ვთვლიდი, რომ საჭირო იყო, რომ გადაგვედო ეს მსჯელობა შემდეგი პერიოდისთვის, რამეთუ დღეს უადგილოდ მეჩვენება, მაგრამ რადგანაც დაწყებულია, საჭიროა, რომ მეც ვთქვა ჩემი სათქმელი მე არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ ჩემი სახელით.

ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ცოტა გასაკვირია და ჩემთვის, გაუგებარიც კი - როცა არ არსებობს ამ ქვეყანაში და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ვუყურებთ რა ხდება სასამართლოში, რომ არანირი ნდობა არავის შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ არჩევნებში ასეთი სასამართლო თუ იქნება და არა ცვლილებები შეტანილი ამ სასამართლოში, რომელიმე დავას გაამართლებს, რომელიმე პარტიისთვის - თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ ცოტა, როგორც მინიმუმ მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ" - ამბობს ზურაბიშვილი. 

ზურაბიშვილის თქმით, მედია აუცილებელი კომპონენტია არჩვენებისთვის. ჩვენთან კი მარეგულირებელში TV პირველისა და ფორმულას წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. 

"მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნებისთვის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან ნელ-ნელა არამხოლოდ იზღუდება სივრცე, სადაც მედიები ოპერირებენ, ყოველდრე მძიმდება სიტუაცია. შეტანილი არის სარჩელი მარეგულირებელში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც არსად მინახავს. ამან შეიძლება განაპირობოს შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება" - თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთიანობის გარეშე ნახევრად ჩამოშლილ რეჟიმს შესაძლოა გამარჯვება მიეცეს. 

"ჩვენ პლატფორმის ფორმატში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც არის უკვე შეთანხმებული, რომელიც აღრიცხავს ყველა იმ პირობებს, ყველა იმ ცვლილებებს, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც წინაპირობა საპარლამენტო არჩევნების.

ეს არის ის პირობები, რომლებიც უნდა წარვუდგინოთ და უკვე წარვუდგინეთ ნაწილობრივ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით, შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ნამდვილად ყველაზე ძლიერი ამ სამი კომპონენტიდან, რომელიც აუცილებელი არის და პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ თუ არის ერთიანი.

ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები, წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც დღეს უკვე ნახევრად ჩამოშლილი არის, მაშინ მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და რომელსაც ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე.

ასე რომ, პასუხისმგებლობა თუ რამე არის პოლიტიკური პარტიების, არის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა არის აუცილებელი და აუცილებელი არის კარგად გაგება სიტუაციის" - თქვა მე-5 პრეზიდენტმა ბრიფინგზე. 

კომენტარები