გერმანიის ახალი მთავრობა

ფრიდრიხ მერცმა მომავალი კაბინეტის წევრების ნაწილი დაასახელა

CARSTEN KOALL / AP

გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა საკუთარი კაბინეტის მომავალი წევრების ნაწილი დაასახელა.

არსებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი, იოჰან ვადეფული უხელმძღვანელებს, ხოლო ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო პარლამენტის ყოფილ წევრს, კატერინა რაიხეს ჩაბარდება.

მერცის გადაწყვეტილებით,  ევროპულ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას გიუნტერ კრიხბაუმი დაიკავებს, ხოლო კანცლერის ოფისს ტორსტენ ფრაი უხელმძღვანელებს.

გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროს პატრიკ შნაიდერი გაუძღვება, ხოლო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ბუნდესტაგის სამართლებრივი საკითხების სპეციალისტი ნინა ვარკენი დაიკავებს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ უწყების ხელმძღვანელი სამთავრობო კოალიციური მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ალექსანდერ დობრინდტი გახდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს სხვა სამინისტროებს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD), თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს.

დარჩენილი მინისტრების ვინაობა, სავარაუდოდ, 30 აპრილს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც SPD-ს წევრები კოალიციურ შეთანხმებას კენჭს უყრიან.

გერმანიის ახალი მთავრობის დამტკიცება 6 მაისს არის დაგეგმილი.

მანამდე, 9 აპრილს, მერცის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ სოციალ-დემოკრატებთან სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწია. 

22 თებერვალს გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამა გაიმარჯვა და ხმების 29% აიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მეორე ადგილზე გავიდა ხმების 19.5%-ით.

კომენტარები