ვატიკანმა დიპლომატიური წესი შეცვალა, რათა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვაზე წინა რიგში მჯდარიყო.
ამის შესახებ გამოცემა The Telegraph წერს.
წესისამებრ, მსოფლიო ლიდერების ადგილი პაპის დაკრძალვაზე მათი სახელმწიფოების სახელების მიხედვით განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, გამოცემის ცნობით, ვატიკანმა ზელენსკის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა - ის ინდოეთისა და ირლანდიის ლიდერებს შორის იჯდა.
ვატიკანი მსოფლიო ლიდერების განთავსებისას დიპლომატიურ პროტოკოლს იცავს, რომელიც მსოფლიო ლიდერებს მათი სტატუსის, მათი ქვეყნებს ფრანგული სახელებისა და ფრანგული ანბანის მიხედვით ანაწილებს.
ამ წესებით ზელენსკის, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, უკანა რიგებში დაჯდომა მოუწევდა, თუმცა ვატიკანმა, Telegraph-ის ინფორმაციით, გამონაკლისი დაუშვა და ის აშშ-ს პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან 11 ადგილით დაშორებით განათავსა. ცნობისთვის, ფრანგულად ამერიკის შეერთებული შტატები E-თი იწყება - États-Unis.
ტრამპის მარჯვნივ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი და ესპანეთის მეფე ფელიპე ისხდნენ.
წინა რიგში ასევე საფრანგეთის პრეზიდენტიც, ემანუელ მაკრონიც იჯდა, წინა რიგის უკიდურესი მარჯვენა ადგილი კი არგენტინის პრეზიდენტს, ხავიერ მილეის ეკავა.
სახელმწიფოს სახელწოდების ანბანური რიგის გარდა, ლიდერები მათი თანამდებობის მიხედვითაც იყვნენ განაწილებულნი - ჯერ სახელმწიფოს მეთაურები, შემდეგ კი მთავრობის მეთაურები. ამ წესისამებრ, უნგრეთის პრეზიდენტი, თამაშ სულიოკი ზელენსკისთან ერთად წინა რიგში იჯდა, ხოლო უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს ადგილი უკანა რიგში ეკავა.
ცნობისთვის, დღეს, 26 აპრილს ტრამპი და ზელენსკი რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ და რუსეთ-უკრაინის ომის დამასრულებელი სამშვიდობო გეგმა განიხილეს.
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩეუნგმა შეხვედრა "ძალიან კონსტრუქციულად" მოიხსენია, ხოლო ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან "კარგი შეხვედრა" ჰქონდა - პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შეძლეს.
პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა მსოფლიო ლიდერები, მათ შორის, ტრამპთან ერთად, არგენტინის, გაერთანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, უკრაინის ლიდერებიც ესწრებიან.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უკრავენ ტაშს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს მოედანზე შეკრებილი ადამიანები.
ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობას წინ უძღვის აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის უკრაინის საკითხზე კრემლში გამართული შეხვედრა.