აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.
ცნობისთვის, საქსტატის 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, აშშ-დან საქართველოში იმპორტმა $2.075 მილიარდი შეადგინა, ხოლო საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი მხოლოდ $141 მილიონი იყო.
აქედან, აშშ-ში ექსპორტის ძირითადი წილი ფეროშენადნობებზე მოდის, რამაც წინა წელს მთლიანი ექსპორტის $90 მილიონზე მეტი შეადგინა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს თვითმფრინავების ნაწილებისა და ღვინის ექსპორტი იკავებდა.
თუმცა, 12 მარტიდან აშშ-ში ყველა სახის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტრამპს 25%-იანი ტარიფი უკვე შემოღებული ჰქონდა, რაშიც ფეროშენადნობებიც შედის, რადგან აღნიშნული კრიტიკული მინერალები ფოლადის წარმოებაში გამოიყენება.





