გრენლანდიის ახალმა პრემიერმინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა 30 მარტს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ აშშ გრენლანდიას ვერ მიიღებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადებები გაავრცელა, რომელშიც გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილი კვლავ გამოთქვა.
"პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ აშშ გრენლანდიას მიიღებს. ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა: აშშ არ მიიღებს მას. ჩვენ არავის სხვას არ ვეკუთვნით. საკუთარ მომავალს ჩვენ განვსაზღვრავთ". - წერს ნილსენი.
აშშ-ს პრეზიდენტმა 29 მარტს NBC News-თან თქვა, რომ მას "აბსოლუტურად" რეალური საუბრები ჰქონდა გრენლანდიის ანექსირებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ გრენლანდიას მივიღებთ. დიახ, 100%-ით". - თქვა ტრამპმა NBC-ის ცნობით.
4 მარტს კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიას "ასე თუ ისე, მაინც მიიღებს".
ხოლო 13 მარტს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს მიერ გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ გააკეთა კომენტარი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობდა იგი გრენლანდიის შესაძლო ანექსიის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, "ეს მოხდება".
"ვფიქრობ, ეს მოხდება. [...] ჩვენ ეს არამხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც გვჭირდება". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.





