Human Rights Watch-ის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული "FARA-ს" ანალოგი კანონი. ორგანიზაციის მიხედვით, კანონპროექტი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ნორმებს და მისი მიღება დააზიანებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.
"ეს კანონი, თუ მას მიიღებენ და ძალაში შევა, დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ჯგუფებს ყალბ არჩევანს აძლევს, რომ მიიღონ უცხო ძალის აგენტის დაუსაბუთებელი და მასტიგმატიზებელი იარლიყი, დაპატიმრებისა ან გადასახლების საფრთხის ქვეშ დადგნენ, ან მთლიანად მიატოვონ თავიანთი საქმიანობა. ამან შეიძლება საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასრული გამოიწვიოს. - ამბობს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი.
18 მარტს ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "FARA-ს ანალოგ" "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს" II მოსმენით მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე "FARA"-ს კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა, გამოქვეყნებული ტექსტი აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ პირებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება. კანონპროექტში არ იყო ნახსენები საქართველო და გამოყენებული იყო ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ.
კომიტეტის სხდომაზე ოცნების დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ მოხდება აღნიშნული ტერმინების ქართული რეალობის და კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილება. მაგალითად, კანონის აღმასრულებელი იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რადგან იუსტიციის დეპარტამენტი ქართულ რეალობაში "ფიზიკურად" არ არსებობს.