დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპი დამატებით 25%-იან ტარიფს დაუწესებს ქვეყნებს, თუ ისინი ვენესუელის ნავთობს იყიდიან

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 მარტს თქვა, რომ ყველანაირ იმპორტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს იყიდიან.

Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ ტარიფებს "სხვადასხვა მიზეზის" გამო აწესებს, რადგან, მისი თქმით, "ვენესუელამ, ფარულად, მიზანმიმართულად და მოტყუებით გაგზავნა აშშ-ში ათეულობით ათასი გავლენიანი დამნაშავე, რომელთა დიდი ნაწილიც მკვლელი და ძალიან ძალადობრივი ბუნების პირები არიან".

ამასთანავე, 24 მარტს ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას განმარტა, რომ 25%-იანი ტარიფი უკვე არსებულ გადასახადებს დაემატებოდა: "ეს ემატება არსებულ ტარიფებს - დიახ" - აღნიშნა მან.

ამავე დღეს გამოქვეყნებული აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, დაწესების შემდეგ ტარიფები "ქვეყნის მიერ ვენესუელური ნავთობის შესყიდვის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში დარჩება", თუკი აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი ვადაზე ადრე არ გადაწყვეტს მათ მოხსნას.

"ეს ტარიფები მიზნად ისახავს, რომ ნიკოლას მადუროს კორუმპირებულ რეჟიმს ფინანსური სიცოცხლის წყარო გადაეჭრას და დასავლეთ ნახევარსფეროში მისი დესტაბილიზაციის გამომწვევი გავლენა შეიზღუდოს". - წერია თეთრი სახლის განმარტებით განცხადებაში.

საკონსულტაციო ფირმა Kpler-ის ინფორმაციით, წინა წელს მსოფლიოში ვენესუელის ყოველდღიური ექსპორტი  660 000 ბარელს შეადგენდა, ხოლო ჩინეთი, რომელსაც ტრამპმა 20%-იანი ტარიფი დაუწესა, ინდოეთთან, ესპანეთთან და იტალიასთან ერთად ვენესუელის ნავთობის ერთ-ერთი უმთავრესი მყიდველია.

კომენტარები