21 მარტს, ლონდონის საერთაშორისო აეროპორტი ჰითროუ დღის ბოლომდე დაიკეტა. ამის მიზეზი აეროპორტთან ახლოს მდებარე ქვესადგურზე გაჩენილი ხანძარი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვესადგურზე, რომელიც აეროპორტს ელექტროენერგიით ამარაგებს ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. ჰეიზის რაიონში მდებარე ელექტროსადგური აეროპორტიდან დაახლოებით 2.4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
Flightradar24-ის ცნობით, ხანძრის შედეგად ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე უმსხვილეს აეროპორტში, სულ მცირე, 1 351 ფრენა გაუქმდა.
ამასთან, ჰეიზის რაიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 900-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ხანძრის ზონიდან 150-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ჰითროუს აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს დღეებში აეროპორტის მუშაობაში შეფერხებებია მოსალოდნელი.





