რუსული Telegram-არხების ინფორმაციით, 11 მარტს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში მდებარე ს ნავთობბაზა Ока-центр-ზე მიიტანეს იერიში.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული Telegram არხები Astra და Mash ავრცელებენ.
Astra წერს, რომ ნავთობბაზას დრონმა დაარტყა, ხოლო Mash იუწყება, რომ რეზერვუარები, სავარაუდოდ, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა.
სერპუხოვის მერი, ალექსეი შიმკო, დარტყმის შედეგებსა და დაშავებულებზე განცხადებას არ აკეთებს, თუმცა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი ვორობიოვმა, სერპუხოვი იმ ქალაქებს შორის დაასახელა, რომლებზეც იერიში მიიტანეს.
ფოტოები და ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ ნავთობბაზა ნამდვილად დაზიანდა.
ნავთობბაზა Ока-центр სპეციალიზებულია სხვადასხვა სახის საწვავის, მათ შორის ბენზინისა და დიზელის შენახვა-გადაზიდვაში.
ამასთან, დღეს 11 მარტს, რუსეთის რამდენიმე რაიონზე, მათ შორის, მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 337 დრონი მოიგერიეს, მათ შორის ყველაზე მეტი – 126 კურსკის ოლქში, მოსკოვის ოლქში კი 91.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
იერიშს გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი:
"კიევი ურტყამს საცხოვრებელ სახლებს, ხოლო რუსეთი – სამხედრო სამიზნეებს".
პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კარგად იმუშავეს და უკრაინული დრონების უმეტესობა გაანადგურეს.
პესკოვს ასევე ეჭვი აქვს, რომ იერიშით უკრაინა კონფლიქტის დარეგულირების ტენდენციის მოსპობას ცდილობს.





