რუსეთის რამდენიმე რაიონზე, მათ შორის, მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 337 დრონი მოიგერიეს, მათ შორის ყველაზე მეტი – 126 კურსკის ოლქში, მოსკოვის ოლქში კი 91.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ადამიანი მოსკოვში, დომოდედოვოს რაიონში, კომპანია Мираторг-ის სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ დრონის ნამსხვრევებს ემსხვერპლა. მეორე ადამიანი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
დრონებით შეტევის შედეგად ჯამში 10-მდე ადამიანია დაშავებული, ასევე დაზიანებულია 20 ავტომობილი.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დრონების ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა, რის შედეგადაც შვიდი ბინა დაზიანდა.





