აშშ-EU

Telegraph: ტრამპი გერმანიიდან ჯარების გაყვანასა და აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებას მოიაზრებს

AFP

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანასა და აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებას განიხილავს. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს

როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონის მიერ გერმანიიდან დაახლოებით 35 000 აქტიური სამხედროს გაყვანა აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას გამოიწვევდა. 

ანონიმური წყაროები Telegraph-ს ეუბნებიან, რომ აშშ-ს პრეზიდენტი სულ უფრო და უფრო მიიჩნევს, რომ კონტინენტი "ომისკენ ისწრაფვის". 

"ტრამპი გაბრაზებულია, რომ [ევროპა], როგორც ჩანს, ომის [გაგრძელებისკენ] ისწრაფვის". - თქვა თეთრ სახლთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ. 

თეთრი სახლის პრესსპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრაიან ჰიუზი კი ამბობს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ რაიმე კონკრეტული განცხადება მოსალოდნელი არ არის, აშშ-ს არმია ყოველთვის განიხილავს მსოფლიოს მასშტაბით ჯარების გადაადგილებას, რათა საუკეთესოდ გაუმკლავდეს ჩვენი ინტერესების წინაშე არსებულ საფრთხეებს". 

Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი გერმანიის ნაცვლად, ამერიკული ჯარების განლაგებას განიხილავს უნგრეთში, რომელიც რუსეთთან ახლო კავშირს დღემდე ინარჩუნებს. 

ცნობისთვის, უნგრეთი ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან ერთადერთი იყო, რომელმაც 6 მარტს ევროპელ ლიდერთა სამიტზე ევროპული საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადება უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის შესახებ დაბლოკა. 

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ტრამპი ამჟამად გერმანიაში განლაგებული ამერიკული ჯარების გადაადგილებას მოიაზრებს NATO-ს წევრ ისეთ ევროპულ ქვეყნებში, რომლებმაც თავდაცვის ხარჯები ალიანსის რეკომენდებული ნიშნულის შესაბამისად გაზარდეს, რაც მშპ-ს 2%-ს შეადგენს. 

ტრამპს ხშირად გაუკრიტიკებია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ის წევრი ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავდნენ. ტრამპი მიიჩნევს, რომ ალიანსის სხვა წევრების ამგვარი ქცევა აშშ-ს უსამართლო ტვირთს აკისრებს. 

6 მარტს ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ არ დაიცავს NATO-ს წევრ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვაში საკმარისს არ ხარჯავენ. 

"საღი აზრია, არა? თუ არ გადაიხდიან, მე მათ არ დავიცავ. არა, მე მათ არ დავიცავ". - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, პირველ საპრეზიდენტო ვადაში ტრამპმა ბრძანება გასცა, გერმანია, სადაც აშშ-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო დაწესებულება, მათ შორის, რამშტაინის საჰაერო ბაზა და აშშ-ს ევროპული სარდლობის მთავარი შტაბი ჰქონდა, დაეტოვებინა თითქმის 12 000 ამერიკელ სამხედროს. 

კონგრესისგან წამოსული მწვავე კრიტიკის შემდეგ, ტრამპის ბრძანება აშშ-ს შემდგომმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაბლოკა. 

ამჟამად აშშ-ს გარეთ, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 160 000 აქტიური ამერიკელი სამხედროა განლაგებული, ხოლო მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი, 35 000 სამხედრო - გერმანიაში. 

კომენტარები