დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF სირიაში უმეტესად დრუზებით დასახლებული ქალაქის, ჯარამანას დასაცავად ემზადება

ისრაელელი ჯარისკაცი და ადგილობრივი დრუზი ისრაელ-სირიის საზღვართან
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) დაავალეს, რომ სირიაში უმეტესად დრუზებით დასახლებული ქალაქის, ჯარამანას "დასაცავად მოემზადონ". 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქი ჯარამანა "ამჟამად სირიის რეჟიმის ძალების თავდასხმის ქვეშ" არის. 

"სირიაში ექსტრემისტულ ისლამურ რეჟიმს საშუალებას არ მივცემთ, რომ დრუზები დააზიანონ. თუკი რეჟიმი დრუზებს დააზიანებს, ჩვენ იერიშს მივიტანთ. [...] ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ისრაელში ჩვენი დრუზი ძმების წინაშე, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა სირიაში მათ დრუზ ძმებს ზიანი ავარიდოთ და მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ". - თქვა კაცმა. 

არსებული ცნობების მიხედვით, სირიის ხელისუფლებას ადგილობრივი დრუზების შეიარაღებულ ჯგუფებთან დაპირისპირება აქვს. 

ნეთანიაჰუსა და კაცის განცხადება 28 თებერვალს ჯარამანაში დრუზების დასახლებაში დაპირისპირებას მოჰყვა - სირიის უსაფრთხოების ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი დასახლებაში შევიდა და ჰაერში სროლა დაიწყო, რის შემდეგაც ადგილობრივმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. 

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, მომდევნო დღეს, 1 მარტს, სირიის უსაფრთხოების ძალების 9 წარმომადგენელი დრუზების შეიარაღებულ ჯგუფს დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ერთი დრუზი მებრძოლი მოკვდა და 9 სხვა ადამიანი დაშავდა. 

ისრაელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ სირიაში დრუზების დაცვა მნიშვნელოვანია. ნეთანიაჰუმ სირიის ახალი რეჟიმისგან ქვეყნის სამხრეთის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.

"სამხრეთ სირიის სრულ დემილიტარიზაციასა და ელ-კუნეიტადან, დერადან და ელ-სუვაიდადან ახალი სირიული რეჟიმის ჯარისკაცების გასვლას ვითხოვთ". - თქვა ნეთანიაჰუმ. 

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ IDF-მა სირიის საზღვართან ბუფერული ზონა შექმნა.

სირიაში ახალი რეჟიმის ფორმირების ფონზე, დრუზებმა შეიარაღებული ჯგუფები ჩამოაყალიბეს. 

დრუზები ეზოთერული რელიგიური სწავლების მიმდევარი არაბები არიან, რომელთა რწმენის სისტემა შიიტური მიმდინარეობის, ისმაილიზმის საფუძველზე წარმოიქმნა, თუმცა თავს მუსლიმებად არ მოიაზრებენ და ისლამის ხუთ ბურჯს არ იზიარებენ. 

კომენტარები