პლატფორმა Freedonation.ge-მ გახსნიდან ერთ კვირაში 700 000 ლარი შემოწირულობა მოიზიდა - ამის შესახებ იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ჩუგოშვილმა BMG-სთან ისაუბრა.
"შედეგები პირველი რამდენიმე დღისთვის ნამდვილად არ არის ცუდი. ვცდილობთ, თანხების მობილიზება გავაკეთოთ ყველა იმ მხარისთვის, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის, ოღონდ არა ერთჯერადი ჩარიცხვით, არამედ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ მომავალი უფრო განჭვრეტადი იყოს მათთვის. ჯამური [კონტრიბუცია], რაზეც დასტური გვაქვს მიღებული შემომწირველებისგან 700 000 ლარია. ეს თანხები ძირითადად გადანაწილებულია შემდეგ 3-4 თვეზე, მაგრამ ამ თავიდანვე მნიშვნელოვანი ჩარიცხვები უკვე წავიდა ჩვენს ბენეფიციარებთან.
საოპერაციო ნაწილს კიდევ უფრო ვხვეწთ, უფრო დალაგდება უახლოეს დღეებში. ყველაზე მეტად მახარებს, რომ შემოწირულებების 85% არის ბიზნესისგან, არის დაახლოებით 800-მდე ფიზიკური პირი, რომელმაც ასევე გააკეთა კონტრიბუცია საერთო საქმეში. როცა აღარ არის გრანტები, აღარ აქვთ ამ ორგანიზაციებს დაფინანსება, საზოგადოების და პირველ რიგში, ბიზნესის პასუხისმგებლობა ხდება, რომ ჩვენი დემოკრატია ჩვენვე დავაფინანსოთ" - ამბობს ჩუგოშვილი.
პლატფორმა Freebusiness.ge-ს დონაციის განყოფილება 21 თებერვალს დაემატა. პლატფორმაზე გაერთიანებული არიან ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწერვიანების შეჩერებას არ ეთანხმებიან.
დონაციის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ხელოვნების და სხვა ფონდების მხარდაჭერაა.





