აშშ-ს ტარიფები

ტრუდო: კანადა ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში აშშ-ს დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხებს

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში აშშ-ს დაუყოვნებლივ და ძალიან ძლიერად უპასუხებს. ამის შესახებ მან ქალაქ მონრეალში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენი მთავრობა და კანადის მთელი გუნდი, პრემიერები, ბიზნესლიდერები, თემის ლიდერები ერთ რამეზე ვართ ფოკუსირებული – დავრწმუნდეთ, რომ სამშაბათს და მომდევნო კვირების განმავლობაში კანადის მიმართ არანაირი ტარიფები არ დაწესდება.

ტარიფები, რომლებზეც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს, გამოწვეულია ფენტანილის კრიზისით, რომელსაც ისინი აშშ-ში აწყდებიან, მაგრამ ამას ჩვენც ვაწყდებით კანადაში. თვეების განმავლობაში მე ხაზს ვუსვამდი იმას, რომ აშშ-ში შესული ფენტანილის 1%-ზე ნაკლები მიდის კანადიდან, თუმცა, ისიც ვიცით, რომ ეს 1%-იც უნდა შემცირდეს და ჩვენ ამის გამო 1.3 მილიარდი დოლარი ჩავდეთ საზღვრების გაძლიერებაში.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ტარიფების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თუ ამის მიუხედავად, სამშაბათს კანადას უსამართლო ტარიფები დაუწესდება, ჩვენ დაუყოვნებლივ და ძალიან ძლიერ რეაგირებას მოვახდენთ – ისეთს, როგორსაც კანადელები ელოდებიან". - თქვა ტრუდომ.


გუშინ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ტარიფები მექსიკასა და კანადაზე ძალაში შევა 4 მარტს, ხოლო ჩინეთს იმავე დღეს დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება.

თავდაპირველად მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში 4 თებერვალს უნდა შესულიყო, თუმცა, ტრამპმა ზომის ამოქმედება 30 დღით გადადო.

კომენტარები