BBC-მ ბოდიში მოიხადა ღაზის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში აღმოჩენილი "სერიოზული დარღვევების" გამო მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ფილმის მთავარი გმირი 14 წლის აბდულა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის აგრიკულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილია.
BBC-მ დოკუმენტური ფილმი "ღაზა: როგორ გადავურჩეთ საომარ ზონას" საკუთარი პლატფორმიდან ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აიღო და "შეცდომების" დაუყოვნებლივ გადახედვა დაიწყო, რომლებსაც "მნიშვნელოვანი და დამაზიანებელი" უწოდა.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ 27 თებერვალს გამოქვეყნებულ პრესრელიზში განაცხადა, რომ ფილმის გადახედვის დროს იდენტიფიცირდა "პროგრამაზე მუშაობის დროს დაშვებული სერიოზული დარღვევები".
დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი ბრიტანული კომპანია Hoyo Films იყო. BBC-ს თქმით, "მიუღებელი" დარღვევების გამო ბრალს იზიარებდა აღნიშნულ პროდიუსერ კომპანიასთან ერთად.
"BBC News იღებს სრულ პასუხისმგებლობას [შეცდომებისა] და იმ გავლენის გამო, რომელიც მათ კორპორაციის რეპუტაციაზე ჰქონდათ. ჩვენ ბოდიშს ვიხდით". - წერია ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის განცხადებაში.
BBC-ს პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ პროდიუსერ კომპანიას დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს "არაერთხელ" ჰკითხეს რაიმე პოტენციური კავშირების შესახებ, რომელიც მთავარ გმირს შეიძლება ჰქონოდა ჰამასთან.
"[ფილმის] გამოშვების შემდეგ მათ აღიარეს, რომ იცოდნენ, რომ ბიჭის მამა ჰამასის მთავრობაში აგრიკულტურის მინისტრის მოადგილე იყო; მათ ასევე აღიარეს, რომ ეს ფაქტი BBC-სთვის არასდროს უთქვამთ.
შემდეგ უკვე ეს BBC-ს საკუთარი შეცდომა იყო, რომ ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ეს ფაქტი და დოკუმენტური ფილმიც ეთერში გავიდა". - წერია რელიზში.
პროდიუსერმა კომპანიამ ასევე გაამხილა, რომ მათ 14 წლის აბდულას დედას გახმოვანებისთვის "შეზღუდული რაოდენობის თანხა" გადაუხადეს.
BBC ითხოვს დამატებით გარანტიებს, რომ ჰამასისთვის პირდაპირ თუ ირიბად არანაირი თანხა არ გადაუხდიათ.
დოკუმენტური ფილმი ეთერში თავდაპირველად 17 თებერვალს გავიდა. BBC-მ ფილმი პლატფორმებიდან 21 თებერვალს აიღო.





