რესპუბლიკელი სენატორ მიტჩ მაკკონელი აცხადებს, რომ ის შემდეგი წლის არჩევნებში კენტუკის შტატის წარმომადგენლის კანდიდატად მონაწილეობას აღარ აპირებს და აშშ-ს კონგრესში თითქმის 40-წლიან კარიერას ასრულებს.
მაკკონელი აშშ-ს სენატში 1985 წლიდან მსახურობს.
მაკკონელმა, რომელიც აშშ-ს ისტორიაში სენატში პარტიას ყველაზე ხანგრძლივად ხელმძღვანელობდა, საკუთარი 83-ე დაბადების დღე აირჩია, რათა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, რომ კენტუკის სენატორად კიდევ ერთი ვადით მუშაობას აღარ აპირებს და პენსიაში გავა, როდესაც თანამდებობაზე მისი მიმდინარე ვადა ამოიწურება.
გადაწყვეტილების შესახებ მაკკონელმა კოლეგებს სენატში სიტყვით გამოსვლისას განუცხადა.
"შვიდჯერ გამგზავნეს ჩემმა კენტუკელებმა სენატში. ყოველ დღე თავმდაბლობის შეგრძნებას მიჩენდა ის ნდობა, რომელიც მათ მე მომანიჭეს, აქ მათი სამუშაო შემესრულებინა. ჩვენი თანამეგობრობის წარმომადგენლობა მთელი ცხოვრების პატივია. ამ პატივისკენ მერვედ აღარ მივისწრაფვი. ჩემი მიმდინარე ვადა სენატში ჩემი ბოლო იქნება". - მიმართა მაკკონელმა სენატს.
მაკკონელმა ასევე პირობა დადო, რომ თითქმის 2 წლის სამუშაოს, რომელიც მიმდინარე ვადის ამოწურვამდე დარჩა, უახლოეს რამდენიმე თვეში დაასრულებს.
"რამდენიმე დაუსრულებელი საქმე მაქვს, რომლებსაც უნდა მივხედო". - დაამატა მან.





