ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასის ტყვეობიდან კიდევ 3 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა

ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, მძევალთა მეექვსე გაცვლის ფარგლებში ტერორისტულმა ორგანიზაციამ კიდევ 3 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გათავისუფლებულები უკვე ისრაელში იმყოფებიან.

თავის მხრივ, 3 მძევლის სანაცვლოდ ისრაელი 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. მათი ნაწილი უკვე დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, 36 მათგანი უვადო პატიმრობას იხდიდა, 333 პალესტინელი კი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

მანამდე, მიმდინარე კვირის დასაწყისში ჰამასმა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების პროცესს შეაჩერებდა. ისრაელმა კი აღნიშნა, რომ მძევლების გათავისუფლების პროცესის გაჩერების შემთხვევაში, ისინი ღაზაზე თავდასხმებს განაახლებდნენ.

ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს.

კომენტარები