13 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებების განახლება სურს და იმედი აქვს, რომ საბოლოოდ სამივე ქვეყანა შეთანხმდება თავიანთი "უზარმაზარი" თავდაცვის ბიუჯეტების განახევრებაზე.
„ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელიც მსურს ჩავატარო, არის პრეზიდენტ სი ძინფინგთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მინდა მათ ვუთხრა - მოდით, ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი გავანახევროთ - და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვეძლება“ - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას
დონალდ ტრამპის თქმით, თუ ბირთვული იარაღების გამოყენება ოდესმე საჭირო გახდება, „ეს, ალბათ, მსოფლიოს სრული განადგურება იქნება“.
„არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ახალი ბირთვული იარაღი ვაწარმოოთ. ჩვენ უკვე იმდენი გვაქვს შესაძლებელია მსოფლიო 50-ჯერ, 100-ჯერ გაანადგურო და მაინც, ჩვენ ახალ ბირთვულ იარაღს ვაწარმოებთ, ისინიც აწარმოებენ. ყველა უზარმაზარ თანხებს ვხარჯავთ, რომელიც შეიძლებოდა ბევრად უფრო სასარგებლო საქმეებში დაგვეხარჯა“ - თქვა ტრამპმა
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვულ მოლაპარაკებებს დაიწყებს, მას შემდეგ რაც „ყველაფერს დავალაგებთ“ ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში.





