აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 თებერვალს თქვა, რომ ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი შაბათს შუადღემდე უნდა გამოუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჰამას-ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების წინადადებით გამოვა და "ჯოჯოხეთი დაიწყება".
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს საბოლოოდ ისრაელის გადასაწყვეტი იქნება, თუმცა მისი პოზიციით, თუ 15 თებერვლამდე ყველა მძევალი არ დაბრუნდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა გაუქმდეს და ომი "წესების გარეშე" გაგრძელდეს.
"ვიტყოდი... და ნებას მივცემ... რადგან ეს ისრაელის გადასაწყვეტია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თუ ყველა მძევალს არ დააბრუნებენ შაბათს 12:00 საათისთვის - ვფიქრობ, ეს მისაღები დროა - ვიტყოდი, გააუქმეთ [შეთანხმება] და მერე წესების გარეშეა, ჯოჯოხეთი დაიწყება". - თქვა ტრამპმა.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ მძევლები ერთიანად უნდა გათავისუფლდნენ და არა ნაწილ-ნაწილ.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ შესაძლოა, იორდანიასა და ეგვიპტეს დახმარება შეუწყვიტოს, თუ ისინი ღაზიდან გადასახლებულ პალესტინელ ლტოლვილებს არ მიიღებენ. ტრამპი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს დღეს, 11 თებერვალს, შეხვდება.
მანამდე, 5 თებერვალს, ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".
ტრამპის ამ მეტად თამამ განცხადებას მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან.
ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექტორში დანგრეულ შენობებს მოაშორებს, მიწასთან გაასწორებს და დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას, რაც უსაზღვრო სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებლებით უზრუნველყოფს მათ, ვინც იქ იცხოვრებს.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, მისი გეგმის შესრულების შემთხვევაში, რაც აშშ-ს მიერ ღაზის სექტორის "დაუფლებას" ითვალისწინებს, პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება აღარ ექნებათ.
"არა, მათ არ ექნებოდათ [დაბრუნების უფლება], ვინაიდან ისინი უკვე გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ პირობებში იქნებოდნენ. მე აქ ვსაუბრობ მათთვის მუდმივი დასახლების აშენებაზე, ვინაიდან თუ ისინი იქ ახლა დაბრუნდებიან, წლები დასჭირდება [ღაზის რეკონსტრუქციას]. ვფიქრობ, მე შემიძლია შეთანხმების მიღწევა იორდანიასთან, ეგვიპტესთან [საკუთარ ტერიტორიებზე პალესტინელების დასახლების შესახებ]. ჩვენ მათ მილიარდობით დოლარს მივცემთ ყოველწლიურად". - თქვა ტრამპმა.