ტრამპის ადმინისტრაცია

NBC: აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი სირიიდან ყველა სამხედროს გაყვანის გეგმას ამზადებს

ამერიკელი სამხედროები 1-ლი ბატალიონის მე-6 ქვეითი პოლკიდან აღმოსავლეთ სირიაში, 27 ოქტომბერი, 2020.
U.S. Army photo by Spc. Jensen Guillory

4 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნებმა NBC News-ს განუცხადეს, რომ თავდაცვის დეპარტამენტი სირიიდან ყველა ამერიკელი სამხედროს გამოყვანის გეგმას ამზადებს.

მაღალჩინოსნების თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მასთან ახლოს მყოფმა ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანასთან დაკავშირებით ინტერესი გამოხატეს, რის გამოც პენტაგონში 30, 60 ან 90 დღეში ამ პოტენციური მიზნის მისაღწევად გეგმების მომზადება დაიწყეს.

წყაროების მიხედვით, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი 31 იანვარს ფლორიდაში, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ლიდერებთან შეხვედრები გამართა და ახლო აღმოსავლეთზე ვითარებას გაეცნო.

30 იანვარს ოვალურ ოფისში რეპორტიორმა ტრამპს მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით ჰკითხა, რომელთა მიხედვითაც ტრამპმა სირიიდან ჯარების გამოყვანის შესახებ ისრაელის მთავრობას აცნობა:

"არ ვიცი, ვინ თქვა ეს, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ სირიაში არ ვერთვებით. სირია თავისთვის ცალკე არეულობაა. მათ საკმარისი აურზაური აქვთ". - თქვა ტრამპმა.

2019 წელს ტრამპმა მაშინდელ თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს სირიიდან ყველა ამერიკელი სამხედროს გამოყვანა უბრძანა, თუმცა, მატისი ამ გეგმას შეეწინააღმდეგა და საბოლოოდ თანამდებობიდან გადადგა.

პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ტრამპმა სირიიდან ამერიკელი სამხედროების უმეტესობა გამოიყვანა, თუმცა შემდგომ კვლავ დააბრუნა. მას შემდეგ აშშ სირიაში ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლისა და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერის მიზნით რჩებოდა.

დეკემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ სირიაში თითქმის 2000-მდე სამხედროა განლაგებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინა წლებში გასაჯაროებულ რაოდენობას.

მანამდე არმიაში აცხადებდნენ, რომ სირიაში დაახლოებით 900 სამხედრო იმყოფებოდა. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, დამატებით 1 100 სამხედრო "დროებითი როტაციული ძალაა", ხოლო 900 ჯარისკაცი "ძირითად" ნაწილს წარმოადგენს.

კომენტარები