სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "მტრად" მოიხსენია და თქვა, რომ ზელენსკი "სლოვაკეთს ვნებს".
ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია, Dennik N ავრცელებს.
"ჩვენი მტერი ზელენსკია. ზელენსკიმ გამოიწვია პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ის მე არ მომწონს, რადგან ის სლოვაკეთს ვნებს". - თქვა ფიცომ.
ფიცომ ზელენსკის განცხადება აზერბაიჯანის გაზის ტრანზიტისთვის მზაობის შესახებ გააკრიტიკა და თქვა, რომ ამ მხრივ "არაფერი არ არის მზად", ზელენსკი კი "ბუშტებს ბერავს".
"არაფერი არ არის მზად, არანაირი პროექტი არ დევს მაგიდაზე. ისევ ბუშტებს ბერავს, რადგან ჰგონია, რომ ეს მას რთული გადაწყვეტილებებისგან გაათავისუფლებს". - თქვა ფიცომ.
გარდა ამისა, ფიცომ კვლავ თქვა, რომ პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე უკრაინის დახმარების გადაწყვეტილებას დაბლოკავს. მისივე თქმით, 30 იანვარს გაზის მიწოდების საკითხს ევროკომისიასთან განიხილავს.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად არის, ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი დაიწყოს. მისივე თქმით, უკრაინას გაზის ექსპორტისთვის ყველა საჭირო კონტრაქტისთვის ხელის მოწერა სწრაფად შეუძლია, თუკი აღმოსავლეთ ევროპისგან შესაბამისი პოლიტიკური "სიგნალი" იქნება.
ზელენსკის აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან დავოსის ფორუმზე ილაპარაკა. მისივე თქმით, უკრაინას "აზერბაიჯანელებთან მშვენიერი ურთიერთობები აქვს" და უკრაინა "მათ სიხარულით დაეხმარება".
1 იანვარს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი პირველი იანვრის დილით სრულად შეწყვიტა, "როგორც ეს დაგეგმილი იყო".
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლის ბოლოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა, რომელსაც 2025 წლის პირველ იანვარს ვადა ამოიწურა და უკრაინამ მის გაგრძელებაზე უარი თქვა.
2 იანვარს რობერტ ფიცომ საკუთარი პარტიის სახელით განაცხადა, რომ სლოვაკეთის კოალიცია განიხილავდა საპასუხო ზომებს უკრაინის მიმართ, მას შემდეგ რაც უკრაინამ ევროკავშირის მასშტაბით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა.