დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

დონალდ ტრამპმა ჰუსიტები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში დააბრუნა

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იემენელი ჰუსიტები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიაში დააბრუნა. ანალოგიური გადაწყვეტილება ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც მიიღო.

პრეზიდენტის აღმასრულებელ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტული ჯგუფი საფრთხეს უქმნის აშშ-ს მშვიდობიან მოქალაქეებსა და პერსონალს ახლო აღმოსავლეთში, ასევე, ემუქრება ჩვენი რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოებას და გლობალური საზღვაო ვაჭრობის სტაბილურობას".

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების (IRGC-QF) მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციებს იარაღით ამარაგებს და წვრთნის, ჰუსიტებმა 2023 წლის შემდეგ არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს, რითაც საფრთხე შეუქმნეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს". - აღნიშნულია განკარგულებაში.

ამასთან, ტრამპს ასევე აღწერილი აქვს, ტერორისტული დაჯგუფების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმები, მათ შორის, "რამდენიმე თავდასხმა სამოქალაქო აეროპორტებზე საუდის არაბეთში, 2022 წლის იანვარში განხორციელებული თავდასხმები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიმართულებით გასროლილი 300-ზე მეტი რაკეტა".

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა იემენელი ჰუსიტების დაჯგუფება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიაში პირველად 2021 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეს შეიყვანა, თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი გადაწყვეტილება დაახლოებით ერთ თვეში შეცალა.

გასულ კვირაში კი ბაიდენმა ჰუსიტები SDGT-ის ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში შეიყვანა, რაც მიზნობრივ სანქციებს ითვალისწინებს, FTO-ს სიაში ყოფნას კი უფრო ფართო სამართლებრივი შედეგები მოაქვს.

კომენტარები