ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის მთავრობის კაბინეტი ულტრამემარჯვენე პარტიის სამმა მინისტრმა დატოვა

ისრაელის მთავრობის კაბინეტი ულტრამემარჯვენე ოცმა იეჰუდითის პარტიის სამმა მინისტრმა დატოვა. მათ შორის არის პარტიის ლიდერი და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ითამარ ბენ გვირი, მემკვიდრეობის მინისტრი ამიჩაი ელიაჰუ და ნეგევის, გალილეისა და ეროვნული გამძლეობის მინისტრი, იცხაკ ვასერლაუფი. 

პარტიის კოალიციიდან გასვლის გამო მთავრობა არ ჩამოიშლება, თუმცა ბენ გვირის გადადგომამ შეიძლება კოალიციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ოპოზიციის ლიდერის, იაირ ლაპიდის თქმით, ის უზრუნველყოფს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროცესში მთავრობა არ ჩამოიშალოს და ახალი არჩევნების ჩატარება არ გახდეს საჭირო.

ითამარ ბენ გვირი ცნობილია საკუთარი ულტრამემარჯვენე პოლიტიკით. მისი ქმედებები რამდენჯერმე ისრაელში მცხოვრებ არაბებთან სიტუაციის გამწვავების გამომწვევიც გამხდარა. ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აქტიური მოწინააღმდეგე იყო.

გადადგომამდე, ბენ გვირმა ცეცხლის შეწყვეტას "დაუფიქრებელი" ნაბიჯი უწოდა და თქვა, რომ ის "გაანადგურებს ისრაელის მიღწევებს". 

კომენტარები