ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ითამარ ბენ გვირის თქმით, თუ ისრაელი ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტას, ის დატოვებს მთავრობას

მარცხნივ - ითამარ ბენ გვირი, მარჯვნივ - ბეცალელ სმოტრიჩი
Yonatan Sindel/Flash90

ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და ულტრამემარჯვენეთა პარტია ოცმა იეჰუდითის ლიდერი ითამარ ბენ გვირი ამბობს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების შემთხვევაში მისი პარტია სამთავრობო კოალიციას დატოვებს.

 აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გამოშვებაზე მხარეები შეთანხმების მიღწევის "ზღვარზე" არიან. ამავდროულად,  14 იანვარს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები დოჰაში შეხვდებიან, რათა გარიგების გეგმის საბოლოო დეტალები განიხილონ.

"ეს არის ერთადერთი შანსი, რათა არ დავუშვათ [შეთანხმების] აღსრულება და არ დავუშვათ ისრაელის ჰამასისთვის დანებება, ერთ წელზე უფრო ხანგრძლივი სისხლიანი ომის შემდეგ, რომელსაც 400-ზე მეტი IDF-ის ჯარისკაცი შეეწირა ღაზის სექტორში, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მათი მსხვერპლი უაზრო არ აღმოჩნდეს" – წერს ბენ-გვირი X-ზე.

ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის მიერ კოალიციის დატოვება არ გამოიწვევს მთავრობის ჩამოშლას, თუმცა, მან ასევე მოუწოდა ფინანსთა მინისტრს, ბეცალელ სმოტრიჩს, დატოვოს მთავრობა.

სმოტრიჩმა 13 იანვარს აღნიშნა, რომ ისიც ეწინააღმდეგება შეთანხმებას, თუმცა, არ უთქვამს, რომ აპირებს ამის გამო კოალიციის დატოვებას. 

ბენ-გვირისა და სმოტრიჩის მიხედვით, ისრაელმა უნდა განაგრძოს სამხედრო კამპანია მანამ, სანამ ჰამასი სრულად არ დანებდება.

საკითხში გარკვეულმა პირებმა თქვეს, რომ 13 იანვარს მომლაპარაკებლებმა ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შეთანხმების საბოლოო ვერსია გადასცეს. მანამდე, მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელსაც ბაიდენისა და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, "გარღვევა" მოხდა.

"შეთანხმებით...  გათავისუფლდებიან მძევლები, შეწყდება ბრძოლა, ისრაელი უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოებით და ნება მოგვეცემა, რომ მნიშვნელოვნად გავუზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელებს, რომლებიც საშინლად დაიტანჯნენ ამ ომში, რომელიც ჰამასმა დაიწყო". - თქვა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

ანონიმური ოფიციალური პირების თქმით, ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გამოშვებაზე ტექსტი ორივე მხარეს კატარმა დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე წარუდგინა.

კომენტარები