ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პრობაციის სააგენტო თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს

პრობაციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათგან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას, სააგენტოდან თანამშრომლების თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებული, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 31 დეკემბერს ეწურებათ, რის შესახებაც მათ სააგენტომ წინასწარ აცნობა.

ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა 31 დეკემბერს იწურებოდა და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა. აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და საახალწლო ფულადი ჯილდო". - წერია სააგენტოს განცხადებაში.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა, გიორგი აბულაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო, 2025 წლიდან ის სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად ვეღარ იმუშავებს.

კომენტარები