ბარიერგადალახული 3 ოპოზიციური კოალიცია: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო ახალ არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ქართველ ხალხთან ერთად მტკიცეა 2 მთავარ და მნიშვნელოვან მოთხოვნაში: ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ დღეს, ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლეგიტიმური და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი გადაურჩა - და ესაა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ახალი არჩევნების დანიშვნის ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა არსებობს, რომ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების გაცოცხლება სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს [...] საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციური კოალიციებისგან სრული მხარდაჭერა აქვს". - თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ.
კომენტარი გააკეთა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც.
"ჩვენ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით. არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაინიშნოს. მზად ვართ, არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება სწორედ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს [...] ოპოზიციური პარტიები მზად ვართ, დისკუსიაში მონაწილეობა ერთადერთ საკითხზე მივიღოთ - ახალი არჩევნები როდის, რა წესებით და პირობებით ჩატარდეს". - ამბობს ვაშაძე.
22 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ორბელიანების სასახლეში იმაზე სამსჯელოდ მიიწვია, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს.





