ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აშშ-მ ქართული ოცნების 20-მდე მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20 პირს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ოფიციალურ განცხადებას ხელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი აწერს. 

განცხადებაში სახდეპი გმობს ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ "სასტიკ და გაუმართლებელ" ძალადობას ქართველი მოქალაქეების მიმართ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს ამზადებს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან. 

იმ პირთა ვინაობა, რომლებსაც სავიზო შეზღუდვა დაუწესდათ, ცნობილი არ არის.

"დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო დამატებითი ზომა ვიზის შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლითაც ვიზის გაცემა იკრძალება იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების [ორგანოების] მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს. 

აშშ მკაცრად გმობს ქართული ოცნების განგრძობად, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას ქართველი მოქალაქეების, მათ შორის, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. ქართულმა ოცნებამ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველ ხალხს ძლიერ სურს და დასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, დაექვემდებარონ სავიზო შეზღუდვებს.

ჩვენ ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებულია. ჩვენ [მიერ მიღებული] დღევანდელი ზომები აჩვენებს ჩვენს ურყევობას და ემატება ადრე მიღებულ ზომებს, რომლებიც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათ ოჯახის წევრებს შეეხო". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საქართველოში მთავრობის მხრიდან მასობრივი საპროტესტო აქციების დარბევის ფონზე, საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებდა. 

კომენტარები