მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა, გიორგი ყურუამ თანამდებობა დატოვა. მან მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, თორნიკე ჯანაშიას ოფიციალური წერილით 9 დეკემბერს მიმართა.
"ოჯახური პირობების და გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული პოზიცია" - წერია განცხადებაში.
მოგვიანებით, გიორგი ყურუამ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და დაწერა, რომ საქართველოს გარუსება ვერ მოხდება.
“მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია.
ყოველი ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა, უპირველეს ყოვლისა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისთანაც გარკვეული წლების განმავლობაში მქონდა სამსახურებრივი შემხებლობა როგორც თანამშრომელს და ასევე, როგორც ხელმძღვანელს.
მადლობა ყველას, დაწყებული დამლაგებლის პოზიციიდან, დამთავრებული ხელმძღვანელობამდე. მადლობა ნდობისთვის, ურთიერთობისთვის, თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის, რომელმაც საერთო საქმეს არაერთი წარმატება მოუტანა. ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა მისაღებია თუ არა ჩემთვის.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დარჩენა მიმაჩნია მიუღებლად.
საქართველო გაიმარჯვებს... საქართველოს გარუსება ვერ მოხდება!!! საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი ოჯახის წევრი" - წერს ყურუა.