ბარიერგადალახული ოპოზიცია (კოალიცია ცვლილებისთვის; ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა; ძლიერი საქართველო და გახარია-საქართველოსთვის) ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მუშაობენ რეესტრის შექმნაზე, სადაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეებისა და მათზე მოძალადე საპოლიციო ძალების წარმომადგენლების შესახებ დეტალური ინფორმაცია და მასალა განთავსდება.
"ჩვენ ვმუშაობთ და კიდევ უფრო ინტენსიურად გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ შეიქმნას რეესტრი, რომელშიც ყველა მტკიცებულების აღწერით, თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე დეტალურად იქნება დოკუმენტირებული. ამ მასალებს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ყველა მოძალადის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ისინი ვერსად გაექცევიან. არ დავტოვებთ არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც დაზარალებულების სახელით საქმეებს არ წავიღებთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოძალადემ პასუხი უმკაცრესად აგოს. ასევე, ვიზუნებთ იმაზე, რომ მოქალაქეებს სწრაფი და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება ჰქონდეთ იმისთვის, რომ თვითმარქვია, არალეგიტიმური რეჟიმის მხრიდან ზეწოლას გაუმკლავდნენ". - თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.
რეესტრის შესახებ ისაუბრა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, თენგიზ თევზაძემაც.
"ეს რეესტრი გულისხმობს არა მარტო დაზარალებულების სიას იმის შესახებ, თუ მათ მიმართ რა სახის წამება და არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა, არამედ, იმ პირების რეესტრსაც, ვინც ეს ჩაიდინა". - თქვა თევზაძემ.
მე-8 დღეა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანება 4 წლით შეაჩერა.





