სირიის ქალაქ ალეპოში ამბოხებული ოპოზიციური ძალების მიერ საერთო საცხოვრებლების დაბომბვას, სულ მცირე, 4 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 2 სტუდენტი ემსხვერპლა, დაშავებულია 6 ადამიანი. ინფორმაციას სირიის სამთავრობო მედია SANA ავრცელებს.
27 ნოემბერს, მეამბოხეებმა, რომლებსაც სათავეში ისლამისტური სამხედრო დაჯგუფება ჰაიეთ ტაჰრირ ალ-შამი უდგას, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებულ ალეპოს ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის ათეულობით ქალაქსა და სოფელში შეტევა დაიწყეს.
შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში 56 სოფელზე და სამხედრო პუნქტზე დაამყარეს კონტროლი და ქალაქ ალეპოს გარეუბნებს ერთ კილომეტრში მიუახლოვდნენ. მათ ასევე ხელში ჩაიგდეს მძიმე შეიარაღება და ასადის რეჟიმის საწყობები და სამხედრო მანქანები.
ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციურმა ჯგუფებმა კონტროლი დაამყარეს 400 კვადრატულ კილომეტრზე.