არჩევნები 2024

ხაზარაძე: შევქმნათ ალტერნატიული პარლამენტი, რომელიც უნდა აღიარონ საერთაშორისო პარტნიორებმა

ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული წინადადება - აქციების და ქუჩის პროტესტის პარალელურად, რომელიც უნდა გაგრძელდეს, ჩვენ, არჩეულმა და მანდატმიღებულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა ჩამოვაყალიბოთ ალტერნატიული ცენტრი, დავარქვათ ამას ალტერნატიული პარლამენტი, სახელი პირობითია, სახალხო პარლამენტი და ვაჩვენოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ არამარტო ქუჩაში ვართ, არამედ, ვართ ორგანიზებულები და შეგვიძლია, დავაორგანიზოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ბრძოლას სჭირდება.

ეს სახალხო პარლამენტი, ალტერნატიული პარლამენტი უნდა იქნას აღიარებული საერთაშორისო პარტნორების მიერ. ამას ვლაპარაკობ მთელი სერიოზულობით, არანაირ ორხელისუფლებიანობაზე ლაპარაკი არ არის, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი, რა თქმა უნდა, არ აპირებს კანონების მიღებას. ეს პარლამენტი იქნება წარმომადგენლობითი ორგანო იმ მილიონზე მეტი ამომრჩევლის და მათი ხმების დამცველი ორგანო ცივილურად, რომელიც გაახმოვანებს თავის პოზიციას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, იმ დასავლელ პარტნიორებთან, რომელსაც ზურგი შეაქცია ქართულმა ოცნებამ.

ვინმეს არ მოეჩვენოს ეს რაღაც უტოპიურ იდეად. სულ რაღაც გუშინწინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა ვენესუელაში ედმუნდო გონსალეზის გამარჯვება ექვსი თვის შემდეგ.

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე TV პირველის ეთერში.

კომენტარები