აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის განათლების მინისტრის თანამდებობაზე კომპანია World Wrestling Entertainment-ის (WWE) თანადამფუძნებელი და ტრამპის გადაბარების გუნდის თანათავმჯდომარე, ლინდა მაკმაჰონი, დაასახელა.
მაკმაჰონი ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა და მისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში იგი მცირე ბიზნესის ადმინისტრირების სამთავრობო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მას ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მილიონობით დოლარი აქვს შეწირული.
წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი განათლების დეპარტამენტს აკრიტიკებდა და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში დეპარტამენტს გააუქმებდა.
1980-იან წლებში მაკმაჰონმა მეუღლესთან, ვინს მაკმაჰონთან, ერთად Titan Sports-ი დააარსა, რომელიც 1990-იანებში WWE-ის მშობელი კომპანია გახდა. მან კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2009 წელს დატოვა, როდესაც აშშ-ს სენატში მანდატის მოპოვება წარუმატებლად სცადა.
იგი ტრამპის მხარდამჭერი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის America First Policy Institute საბჭოს თავმჯდომარე იყო, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ს სენატში მისი თანამდებობაზე დამტკიცება დიდი ალბათობით მოხდება.
"ბოლო ოთხი წლის მანძილზე, America First Policy Institute-ის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ლინდა მშობელთა უფლებების მტკიცე დამცველი იყო". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე, როდესაც მაკმაჰონის განათლების მინისტრის პოსტზე დანიშვნის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში მაკმაჰონსა და კომპანიის კიდევ ორი ლიდერის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ ნება დართეს რინგის გამომცხადებელს, მელვინ ფილიპ უმცროსს, სექსუალურად შეევიწროებინა ახალგაზრდა მამაკაცები. სარჩელში უფრო კონკრეტულად აღნიშნულია, რომ, სავარაუდოდ, მაკმაჰონმა იცოდა სექსუალური შევიწროების შესახებ, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედა.
მაკმაჰონის დაცვის მხარემ აღნიშნულს "ცრუ ბრალდებები" უწოდა. დაცვის მხარის თქმით, მაკმაჰონი და მისი მეუღლე ბრალდებებს "აბსურდულად, ცილისმწამებლურად და სრულიად უსაფუძვლოდ" მიიჩნევენ.
იხილეთ 2000 წელს ჩაწერილი ვიდეო WWE-ს გადაცემიდან მაკმაჰონის მონაწილეობით:
რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ





