გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, X-ის, Starlink-ის, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 2022 წლიდან "რეგულარულ კონტაქტზეა".
გამოცემის ცნობით, მასკი და პუტინი მკაცრად გასაიდუმლოებული კომუნიკაციისას როგორც პერსონალურ, ისე ბიზნესთან დაკავშირებულ და გეოპოლიტიკურ საკითხებს განიხილავდნენ.
"რაღაც მომენტში პუტინმა მილიარდერს უთხრა, რომ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სერვისი ტაივანში არ გაეაქტიურებინა, რაც ჩინეთის ლიდერის, სი ძინფინგის თხოვნა იყო", - წერს WSJ. გამოცემას ინფორმაციას რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსანი უდასტურებს.
WSJ-ს ცნობით, პუტინისა და მასკის კომუნიკაცია იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს უმაღლეს სტრუქტურებში ბევრ მაღალჩინოსანს არც ჰქონდა.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მასკი მხოლოდ ერთხელ გაესაუბრა პუტინს და მათ "კოსმოსი და თანამედროვე ტექნოლოგიები" განიხილეს. პესკოვმა უარყო, რომ მასკი და პუტინი რეგულარულ კონტაქტზე იმყოფებოდნენ. მისი თქმით, WSJ-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია "აბსოლუტურად მცდარია".
თავად მასკმა WSJ-ის შეკითხვებს არ უპასუხა. ცნობების გავრცელების შემდეგ, მან საკითხთან დაკავშირებით X-ზე რამდენჯერმე დაპოსტა.
"ყველამ იცის, რომ NYT მემარცხენე პროპაგანდისტული მანქანაა. ნაკლებმა იცის, რომ WSJ-ს მემარცხენე ჟურნალისტების კავშირი მართავს და არა რუპერტ მურდოქი (WSJ-ის მფლობელი)!". - წერდა მასკი X-ზე.
2022 წლის ოქტომბერში მასკმა საჯაროდ განაცხადა, რომ პუტინს მხოლოდ ერთხელ ესაუბრა. მან თქვა, რომ განხილვის თემა კოსმოსი იყო, ხოლო საუბარი 2021 წლის აპრილში შედგა.
თუმცა, როგორც ჩანს, კომუნიკაცია გაგრძელდა, მათ შორის, როგორც WSJ იუწყება, რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთანაც. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სერგერი კირიენკოა, პუტინის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე. უცნობია, თუ რაზე ისაუბრეს კირიენკომ და მასკმა.
სექტემბერში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კირიენკომ რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად 30 ინტერნეტ-პლატფორმა შექმნა, მათ შორის, ილონ მასკის X-ზეც. პლატფორმების მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირება და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამერიკელი ამომრჩევლის მანიპულაცია იყო.
თავდაპირველად, რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მასკმა კიევის მხარდამჭერი ძლიერი განცხადებები გააკეთა. თუმცა მალევე, მან ხუმრობით ტვიტერზე პუტინი გამოიწვია, რომ უკრაინისთვის ერთი ერთზე დაპირისპირებულიყვნენ. შემდგომ მან უკრაინას Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის რამდენიმე ასეული ტერმინალი გადასცა. 2022 წლის ივლისისთვის 15,000 ტერმინალი უკრაინის მასშტაბით უფასო ინტერნეტს უზრუნველყოფდა.
იმავე წლის დასასრულს, როგორც WSJ წერს, მასკმა კონფლიქტზე ხედვა შეიცვალა. სექტემბერში უკრაინის სამხედრო დანაყოფები Starlink-ის ტერმინალებს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ბაზაზე მართვადი დრონებით თავდასხმისთვის ვეღარ იყენებდნენ. უკრაინამ სცადა, დაერწმუნებინა ილონ მასკი, რომ Starlink-ის სერვისი ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიის ფარგლებშიც გაეაქტიურებინა, თუმცა ეს არ მოხდა.
კომპანიამ შეზღუდვები გააფართოვა უკრაინის მიერ შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვისაც. მასკმა გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ "Starlink-ის ინტერნეტი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გამოსაყენებლად უზრუნველყვეს" და რომ უკრაინის შეტევა ოკუპირებულ ყირიმზე ბირთვული ომის დაწყების წინაპირობა გახდებოდა. უცნობია, ჰქონდა თუ არა მასკის ამ გადაწყვეტილებებზე პუტინთან საუბრებს გავლენა.
როგორც WSJ წერს, აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციაში მასკის კონტაქტები აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზე ეჭვებს აჩენს.
მასკმა წლების განმავლობაში აშშ-ს სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებთან ბიზნეს კავშირები დაამყარა, რამაც მას ამერიკის საკმაოდ სენსიტიურ კოსმოსის პროგრამებზე მისცა წვდომა. SpaceX-მა 2021 წელს პენტაგონთან და NASA-სთან 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების გასაიდუმლოებული კონტრაქტი დადო. შედეგად, მასკს უფლება მიეცა, იხილოს გარკვეული გასაიდუმლოებული ინფორმაცია აღნიშნული სტრუქტურებიდან.
ილონ მასკი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ღია და გულმხურვალე მხარდამჭერია. იგი სიტყვითაც გამოსულა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მასკისთვის თეთრ სახლში ახალი თანამდებობა - "ხარჯების შემცირების მდივანი" (secretary for cost-cutting) შეიქმნება, რომელზეც იგი დაინიშნება. აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინაში წინსვლისთვის ილონ მასკის კომპანია Starlink-ის არაკანონიერი გზით მოპოვებულ ტერმინალებს იყენებენ, რათა გააუმჯობესონ შეტაკებების დროს დანაყოფებს შორის კოორდინირება და ზუსტი იერიშები მიიტანონ უკრაინულ არტილერიაზე.
Starlink-ის 10 ათასობით სატელიტური ანტენა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობაა, თუმცა, როგორც ამას Washington Post-ს 6 უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი ეუბნება, რუსეთმა ამ უპირატესობის გაბათილება უკვე შეძლო. ამავე პირებმა მკაცრად გააკრიტიკეს ილონ მასკი. მათი თქმით, მასკი რუსეთის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი და საკმარისად არ ცდილობს, საოკუპაციო ძალების მიერ მისი კომპანიის ტექნოლოგიების არალეგალური გზით მოპოვებასა და გამოყენებას ხელი შეუშალოს.





