თავისუფლების ინსტიტუტის (Liberty Institute) პროექტის "მოქალაქის ხმა უსაფრთხოების სისტემაში: ანგარიშვალდებულება და საზოგადოებრივი კონტროლი" ფარგლებში, გუშინ, 23 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის მათეული ხედვები განიხილეს.
თავისუფლების ინსტიტუტმა მონაწილეებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) სტრუქტურის მის მიერ შემუშავებული რეფორმა გააცნო.
საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურის რეფორმა
პრობლემა: მთავრობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს რეპრესიული პოლიტიკისთვის იყენებს
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის სამართალდამცავი ფუნქციების მინიჭება ზრდის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების რისკს. არსებული კანონმდებლობის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ გამოძიების ჩატარების, დაპატიმრებისა და პირის დაკავების უფლება. ამ უფლებამოსილებებმა გამოიწვია ძალაუფლების გადამეტება და ადამიანის უფლებების დარღვევები.
გამოსავალი: "გამიჯნული მოდელი"
ძალაუფლების კონცენტრაციისა და ბოროტად გამოყენების რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ უსაფრთხოების სამსახურებს აღმასრულებელი უფლებამოსილებები არ ექნებათ და ვალდებულნი იქნებიან ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან. ამ მოდელის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურების მთავარი ფუნქცია იქნება ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი სააგენტოებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის გადაცემა. ეს მოდელი ასევე თანხვედრაშია ევროატლანტიკურ პრაქტიკასთან.
პრობლემა: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების არაეფექტიანობა და ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია
გამჭვირვალობის არარსებობის პირობებში ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია ერთ სააგენტოში არა მხოლოდ აჩენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკს, არამედ უარყოფითად მოქმედებს დაზვერვის სისტემის ეფექტიანობაზე, ამცირებს სადაზვერვო ინფორმაციის ხარისხს.
ძალაუფლების გადაჭარბებული ცენტრალიზაცია უსაფრთხოების ერთ სამსახურში ართულებს სადაზვერვო მასალის შეგროვებასა და ანალიზს, რაც ზრდის ინფორმაციის არასრულფასოვნების, გამოტოვებული შესაძლებლობებისა და არასაკმარისი რეაგირების რისკს. დიდ ორგანიზაციებს, როგორც წესი, მეტი დრო სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად და აკლიათ მოქნილობა. გარდა ამისა, რისკი იზრდება, როდესაც ძალაუფლება თავს გადაჭარბებულად იყრის ერთი ადამიანის ხელში.
გამოსავალი:
-
დაზვერვის ხარისხის გაუმჯობესება და ძალაუფლების გადამეტების რისკის შემცირება - თემატურად გაყოფილი სამსახურების შექმნითა და სადაზვერვო მასალების დივერსიფიცირებით
უნდა შეიქმნას ხუთი სააგენტო: კონტრდაზვერვა, დაზვერვა, სამხედრო დაზვერვა, ანტიტერორისტული და ანტიკონსტიტუციური + რადიკალური ჯგუფების სააგენტოები. თითოეულ სააგენტოს ეყოლება თავისი ხელმძღვანელი, რომელსაც ექნება მისი კონკრეტული, ვიწრო სფეროს შესაბამისი უნარები და სპეციალიზაცია. ამ სააგენტოებში დასაქმებული პირები სააგენტოს პროფილისთვის საჭირო გამოცდილების მიხედვით შეირჩევიან. განცალკევებული სააგენტოების შექმნის კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ თითოეულს ექნება მისი სფეროთი შემოსაზღვრული, სპეციფიკური მიზნები, რაც მათ ამავე მიზნებზე ფოკუსირების შესაძლებლობას მისცემს. ეს გააუმჯობესებს დაზვერვის ხარისხს.
დაზვერვის წყაროების დივერსიფიკაციით შესაძლებელი გახდება ნაკლებად პოლიტიზებული და მეტად დაბალანსებული უსაფრთხოების სისტემის შექმნა.
თითოეულ სააგენტოს უნდა ჰყავდეს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც იქნება სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამ მხრივ, გამიჯნული იქნება პოლიტიკური და ტექნიკური თანამდებობები. მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტთან და მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკის დაგეგმვაში, ხოლო სამსახურის უშუალო ხელმძღვანელს დაევალება ანალიტიკური/ოპერაციული დავალებების შესრულება და იქნება ანგარიშვალდებული მინისტრთან.
-
მაკოორდინირებელი ორგანოს - დაზვერვის საბჭოს შექმნა
დაზვერვის საბჭო, რომელიც იქნება უწყებათაშორისი ორგანო და შედგება უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენლებისგან, პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის წახალისებაზე.
დაზვერვის საბჭოს უნდა ჰყავდეს ანალიტიკური გუნდი, რომელიც აქტიურად იმუშავებს სააგენტოებთან და სხვა სახელმწიფო დეპარტამენტებთან, დაზვერვითი პროდუქტის საბოლოო გაანალიზების მიზნით. დაზვერვის საბჭოს ასევე ექნება პირდაპირი კავშირი პრემიერ-მინისტრთან. კომიტეტის წევრები პასუხისმგებლები იქნებიან ანალიტიკური მასალა გადასცენ შესაბამის დეპარტამენტებსა და მინისტრებს, რათა მოხდეს კონკრეტული ქმედებების დაგეგმვა მათ სფეროებში. დაზვერვის საბჭო ასევე უზრუნველყოფს დაზვერვითი პროდუქტის საბოლოო ვერსიის შესაბამის სტრუქტურებზე გადანაწილებას, რაც გადაწყვეტილების მიმღებებს საშუალებას მისცემს საფუძვლიანად შეიმუშაონ კოორდინირებული პოლიტიკა და პრიორიტეტები.
-
გადაწყვეტილების მიღებისა და ანალიზის ფუნქციების განსაზღვრა და გამიჯვნა პოლიტიზაციის რისკის შესამცირებლად
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსგან განსხვავებით, რომლის მთავარი მიზანია გადაწყვეტილებების მიღება და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების განსაზღვრა, დაზვერვის საბჭოს მოვალეობა იქნება დაზვერვითი პროდუქტების ანალიზი და მათი გავრცელება. ამ გზით შესაძლებელი გახდება გაიმიჯნოს სადაზვერვო ანალიზი პოლიტიკის დაგეგმვისგან, რაც შეამცირებს პოლიტიზაციისა და შეცდომების რისკებს.
პრობლემა: დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების ნაკლებობა
სადაზვერვო საქმიანობაზე ზედამხედველობა დიდი გამოწვევაა. ერთი მხრივ, საქმიანობის ბუნება მის გასაიდუმლოებას მოითხოვს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია მისი დემოკრატიული კონტროლი.
საიდუმლოს ნაწილის შენახვის მნიშვნელობა ვერ გადაწონის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, კორუფციისა და სხვა უკანონო პრაქტიკის თავიდან აცილების აუცილებლობას. შესაბამისად, საჭიროა კონტროლის მექანიზმების აწყობა, რაც განსაკუთრებით რთულია სუსტი დემოკრატიული ტრადიციისა და ტოტალიტარული წარსულის ქვეყნებში.
ზედამხედველობის მექანიზმები უნდა მოიცავდეს ხელისუფლების სამივე შტოს.
გამოსავალი:
• აღმასრულებელი ზედამხედველობა
აღმასრულებელი ზედამხედველობა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო სააგენტოებს უფლებამოსილებას, ლეგიტიმაციასა და რესურსებს საკანონმდებლო ხელისუფლება მიანიჭებს, საქმიანობის სენსიტიურობიდან გამომდინარე მათი საქმიანობაზე ეფექტიან ზედამხედველობას აღმასრულებელი ხელისუფლება განახორციელებს.
• კომპეტენციების დანაწილება
კომპეტენციების დანაწილება საუკეთესო გზაა აღმასრულებელი ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად.
მაშინ როცა სააგენტოს ხელმძღვანელები ყოველდღიურ ოპერაციებს წარმართავენ, პასუხისმგებელი მინისტრები პოლიტიკასა და ზედამხედველობაზე კონცენტრირდებიან. ეს დანაწილება ხელს შეუშლის მიკრომენეჯმენტს და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
მინისტრები უზრუნველყოფენ ზოგად ხელმძღვანელობას და მიმართულებას, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელები წარმართავენ ყოველდღიურ საქმიანობას და ანგარიშს ჩააბარებენ თავიანთ მინისტრებს. მინისტრებს სრული წვდომა ექნებათ საიდუმლო ინფორმაციაზე, რადგან ისინი პარლამენტის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი.
• პარლამენტის/საკანონმდებლო ზედამხედველობა
პარლამენტი, გარდა იმისა, რომ დაადგენს მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე გაუწევს ზედამხედველობას უსაფრთხოების სამსახურებს. ეს აუცილებელია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, საპარლამენტო ზედამხედველობა უზრუნველყოფს, რომ უსაფრთხოების სამსახურები ეროვნულ მიზნებთან და პრიორიტეტებთან თანხმობაში იყვნენ. საპარლამენტო ზედამხედველობა ზრდის უსაფრთხოების სამსახურების ლეგიტიმაციას და აძლიერებს დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას.
• უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნისა პროცედურა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება სრულად არის დამოკიდებული მმართველი პარტიის ნებაზე, რაც პროცედურის პოლიტიზაციას იწვევს. არ არსებობს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ დანიშვნის პროცედურის დეპოლიტიზაციას.
უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურას პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს, რაც ხელს შეუშლის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების კონცენტრაციას და უზრუნველყოფს მრავალპარტიულ მიდგომას. ეს, თავის მხრივ, გაზრდის ლეგიტიმაციასა და ნდობას სააგენტოების ხელმძღვანელების მიმართ.
სხვა ფორმაა - უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნამდე სავალდებულო გახდეს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციების ჩატარება და საპარლამენტო მოსმენები კი მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ პარლამენტთან ანგარიშვალდებულნი შესაბამისი მინისტრები არიან, სააგენტოების ხელმძღვანელების გათავისუფლება უნდა იყოს მინისტრებისვე კომპეტენცია.
თუმცა, გათავისუფლების შემთხვევაში, მათ პარლამენტს განმარტება უნდა წარუდგინონ.
კიდევ ერთი ფორმაა, როდესაც ხელმძღვანელები ინიშნებიან საჯარო დანიშვნის წესით, როგორც მაგალითად ბრიტანეთში ან რიგ ანგლო-საქსური ტრადიციის ქვეყნებში, მათ შორის ისრაელში. ხელმძღვანელებს დაამტკიცებს პარიტეტული წარმომადგენლობით დაკომპლექტებული საჯარო სამსახურის კომისია, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის თანაბარი წარმომადგენლები შევლენ, და დაემატება ასევე, იუსტიციის საბჭოს მიერ დანიშნული წევრი.
• უსაფრთხოების კომიტეტის შემადგენლობა
ეფექტიანი ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების კომიტეტში პროპორციულად უნდა შედიოდნენ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები. კომიტეტის შემადგენლობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. უფრო მეტიც, კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება იყოს ოპოზიციის წევრი ან დაწესდეს როტაციის სისტემა, რათა ზედამხედველობის პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს.
• უსაფრთხოების კომიტეტის წევრების შემოწმება
პარლამენტის მიერ კომიტეტის წევრების არჩევისა და დამტკიცებისას, თუ უსაფრთხოების სამსახური ეჭვს გამოთქვამს კონკრეტულ კანდიდატზე (მაგალითად, მის კავშირზე მტრულ სახელმწიფოსთან, ინტერესთა კონფლიქტზე და სხვა), მაშინ ასეთი კანდიდატის დამტკიცებისთვის პარლამენტის 2⁄3-ის მხარდაჭერა უნდა იყოს აუცილებელი. პარლამენტის 2⁄3- სვე შეუძლია დაძლიოს უსაფრთხოების სამსახურების ე.წ. ცუდი რეკომენდაცია.
• უსაფრთხოების კომიტეტის უფლებამოსილება
დღეს პარლამენტი მხოლოდ თეორიულად არის აღჭურვილი ზედამხედველობის შესაძლებლობებით. მას აქვს შეზღუდული მანდატი და შეზღუდული წვდომა ინფორმაციაზე, რაც არასაკმარისია ეფექტიანი ზედამხედველობისთვის. ეფექტიანობის მისაღწევად უსაფრთხოების კომიტეტს უნდა ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ პოლიტიკასა და ფინანსებზე, არამედ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ოპერაციულ ინფორმაციაზეც - ex-post facto.
• სასამართლო ზედამხედველობა
სასამართლომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ყველა შემთხვევაში, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში – 72 საათის შემდეგ. ამისათვის, სასამართლოს უნდა მიეწოდოს მტკიცებულება, რომელიც ამართლებს ღონისძიების საჭიროებას და მის ზუსტ ხანგრძლივობას. ღონისძიებები, რომლებიც ნებართვას საჭიროებს, მოიცავს კომუნიკაციების მოსმენას, ქონების ჩხრეკასა და მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟებას.
• გენერალური ინსპექტორი
თითოეულ სააგენტოს უნდა ჰყავდეს გენერალური ინსპექტორი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. გენერალური ინსპექტორები უზრუნველყოფენ, რომ თითოეული სააგენტოს საქმიანობა შესაბამისობაში იყოს კანონთან და პოლიტიკასთან. ისინი ატარებენ აუდიტს. გენერალური ინსპექტორი ასევე განიხილავს მოქალაქეებისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის საჩივრებს უფლებების დარღვევებთან ან შეუფერებელ ქცევასთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას. გენერალური ინსპექტორი ანგარიშს აბარებს სააგენტოს ხელმძღვანელებს, მინისტრებსა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტს.
როგორია პოლიტიკური პარტიების ხედვები უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქართული ქარტია, რომელსაც ხელი თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა, სხვადასხვა ინსტიტუტის და სამსახურის ძირეულ რეფორმას ითვალისწინებს, მათ შორის, დოკუმენტის ერთ-ერთი მუხლი სუსის/შსს-ს რეფორმას მოიცავს:
ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.
თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამართულ შეხვედრას 5 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა - კოალიცია ცვლილებისთვის, დათო ნიჟარაძე; ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, გიორგი კაპანაძე; ფედერალისტები - თამარ ჩერგოლეიშვილი; გახარია საქართველოსთვის, თეონა აქუბარდია; ძლიერი საქართველოსთვის, ბაკურ კვაშილავა.
ტაბულამ თითოეულ მათგანს ჰკითხა თუ როგორ ხედავენ ქარტიის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ რეფორმებს.
გახარია საქართველოსთვის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, აუცილებელია იმ საგამოძიებო ფუნქციების ჩამოშორება, რომლებიც კავშირში არ არის სახელმწიფო უსაფრთხოებასთან.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დღეს არის პოლიტიკური იარაღი ბიძინა ივანიშვილის ხელში, და არა უსაფრთხოებაზე მზრუნველი ინსტიტუტი, უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება პოლიტიკური გავლენისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უამრავი ფაქტობრივი მასალა არსებობს - ე.წ. კრებსები, შეთქმულების გამოძიებები, რომლებიც ყოველთვის პოლიტიკური იარაღი იყო ივანიშვილის ხელში. ამისთვის აუცილებელია შემდეგი რამ, ერთის მხრივ, ძლიერი საპარლამენტო კონტროლი, რაც არის შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს დეპოლიტიზაცია, ისევე როგორც ერთპარტიული მმართველობის დასრულება.
სხვა დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, საკითხები, როგორიცაა ანტი-კორუფციული სამსახურის გატანა, რაც ეუთო-ოდირის დასკვნაში იყო და იმ საგამოძიებო ფუნქციების ჩამოშორება, რომლებიც კავშირში არ არის სახელმწიფო უსაფრთხოებასთან.
მე დარწმუნებული ვარ, რომ სუსის რეფორმების საკითხი იქნება, ისევე როგორც ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვისა და კოორდინაციის საკითხი, რაც ამჟამად მოშლილია მთლიანად, ის მთავარი საკითხი, რასაც პარლამენტში გავაკეთებთ ერთად.
მთავარი პრობლემა დღეს არის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მოშლა, ამიტომ საპარლამენტო კონტროლი იქნება გასაძლიერებელი, რათა დაუბრუნდნენ ეს უწყებები ქვეყნის და ხალხის სამსახურს და არა ერთი კონკრეტული პარტიის". - თქვა აქუბარდიამ.
ძლიერი საქართველოსთვის წევრის, ბაკურ კვაშილავას აზრით, ვეტინგი უნდა იყოს შემოღებული ამ მიმართულებითაც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა უნდა იყოს ნაწილი კომპლექსური რეფორმის, რომელიც შეეხება ზოგადად, ძალოვან სტრუქტურებს.
"ერთი და მთავარი არის ის, რომ სამოქალაქო კონტროლისთვის აუცილებელია, რომ უფრო მეტი ჩართულობა ჰქონდეს, იქნება ეს ნდობის ჯგუფი თუ სხვა, რომ უფრო მეტი დაშვება ჰქონდეს ინფორმაციაზე, მეტი კონსენსუსით მოხდეს შერჩევა იმ თანამდებობის პირების, ვინც აკონტროლებენ ამ ორგანოებს. ისეთი ფუნქციები, როგორიც არის კორუფციის გამოძიება უნდა გადაეცეს რეალურადაც სხვა ორგანოს. ვეტინგი უნდა იყოს შემოღებული ამ მიმართულებითაც და ეს ყველაფერი უნდა იყოს ნაწილი იმ კომპლექსური რეფორმის, რომელიც ზოგადად შეეხება ძალოვან სტრუქტურებს და მათ შორის, პროკურატურასაც". - თქვა კვაშილავამ.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კაპანაძის თქმით, უსაფრთხოების სამსახური უნდა დაიშალოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური ხასიათის ზემოქმედება ოპონენტებსა და მოქალაქეებზე, რისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება.
"ვეთანხმები ქარტიის სულისკვეთებას, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწერა ხელი ამ ქარტიას და ვიზიარებთ იმ პოსტულატს, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის, სუსისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირეული რეფორმა.
ეს ძირეული რეფორმა უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი სტრუქტურის ან ერთი რომელიმე დაწესებულების მიერ. ამიტომ, ამ კონფერენციაზე მომზადებული დოკუმენტის სულისკვეთებას. პირადად მე ვიზიარებ პრინციპის დონეზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, უსაფრთხოების სამსახური უნდა დაიშალოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური ხასიათის ზემოქმედება ოპონენტებზე, მოქალაქეებზე და ა.შ. ამ თვალსაზრისით, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, პარლამენტის აქტიურობა მაკონტროლებელი ფუნქციის თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი და ცხადია, ამას ვიზიარებთ, როგორც პოლიტიკური პარტია". - თქვა კაპანაძემ.
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, არსებული სისტემა მთლიანად უნდა მოიშალოს და მის ადგილას შეიქმნას ახალი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის იმუშავებს და აღარ იქნება რეჟიმის ძალადობრივი ინსტრუმენტი.
"ჩვენი ხედვა დიდწილად ემთხვევა იმას, რაც თავისუფლების ინსტიტუტმა წარმოადგინა, რადგან ერთი პროექტის ფარგლებში, ახალი რესპუბლიკის ფარგლებში, ვიმუშავეთ. შესაბამისად, კი, ჩვენ ვთვლით, რომ არსებული სისტემა მთლიანად უნდა დაიშალოს და მის ადგილას შეიქმნას ახალი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მოემსახურება მოქალაქეებს და საფრთხედ არ იქცევა მათთვის, რისი პრობლემაც ჩვენი გასული 30 წელია გვაქვს.
ვხედავთ, რომ უსაფრთხოების სტრუქტურები არიან ძალმომრეობით ინსტიტუტებად ქცეული, რომლებიც რეალურად მოქალაქეებზე ძალადობენ და რეჟიმის სამსახურში არიან ჩამდგარები. კონცენტრაცია არის ერთადერთი გზა, რათა ეს მანკიერება მოვშალოთ და ამ თვალსაზრისით სრულად ვეთანხმებით პრეზიდენტის ქარტიის სულისკვეთებას". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, დავით ნიჟარაძის თქმით, მათი საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს კონტრდაზვერვის და კონტრტერორისტული გაერთიანებას და ცალკე სააგენტოდ შექმნას, ამასთან ერთად, ხელმძღვანელების არჩევაზე გაზრდილი ხმების რაოდენობას, რაც უზრუნველყოფს ოპოზიციის ჩართულობას უსაფრთხოების სტრუქტურების ხელმძღვანელთა არჩევაში.
"ჩვენ ვართ ქარტიის ხელმომწერი კოალიცია და სრულად ვიზიარებთ იმ ჩანაწერს, რაც არსებობს ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც სუსის რეფორმა, სხვადასხვა დანაყოფის გამოსვლა მისი შემადგენლობიდან, კონტრდაზვერვის და კონტრტერორისტული გაერთიანება და ცალკე სააგენტოდ შექმნა. შეიქმნება სპეციალური გამოძიების ბიურო, რომლის დაქვემდებარებაში იქნება იმ საქმეების ნაწილი, რომელიც დღეს არის სუსში. ასევე, მოხდება ანტი-კორუფციული სააგენტოს გამოსვლა სუსის შემადგენლობიდან და ანტი-კორუფციული ბიუროს შემადგენლობაში გადასვლა მისი ფუნქციების და საგამოძიებო ფუნქციების მინიჭება, რაც არის ჩვენი ევროპელი მეგობრების რეკომენდაციაც, მათ შორის.
რაც მთავარია, უნდა მოხდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება. ამ მიმართულებით გვექნება ხელმძღვანელების არჩევაზე გაზრდილი ხმების რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს ოპოზიციის ჩართულობას მათ არჩევაში. მაგალითად, 90 ხმა იქნება საჭირო, რათა აირჩეს ანტი-კორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და ეს მნიშვნელოვანი ჩამკეტი იქნება ხელისუფლებისთვის, რათა თავისი შერჩეული კადრი არ დანიშნოს ამ უწყებებში. აუცილებელი იქნება ოპოზიციის ჩართულობა, რაც გაზრდის შანსს, რომ რეალურად პროფესიონალი, ობიექტური ადამიანი მივა ამ უწყებებში". - თქვა ნიჟარაძემ.