საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე, წყლის ჭავლთან ერთად ცრემლსადენი გაზის პარალელური გამოყენების საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
აქამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება აღნიშნავს, რომ "საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას".
საიას თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N1002 (მუხლი 9.1.ჟ) ბრძანებაში, სადაც განსაზღვრულია შეკრებისა და მანიფესტაციების დროს, შსს-ს თანამშრომელთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია კრძალავს აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.
საია აღნიშნავს, რომ ნახსენები ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და ორგანიზაციამ იგი სამინისტროდან სხვადასხვა აქციის მონიტორინგის დროს გამოითხოვა.
"უპირველესად, შსს-ს შევახსენებთ, რომ ასეთი აკრძალვა არსებობს შს მინისტრის N1002 ბრძანებაშიც (მუხლი 9.1.ჟ), რომელიც განსაზღვრავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, და, რომლის თანახმად, აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება აკრძალულია.
ასეთ მიგნებას ციტირებს, ასევე, ევროპული სასამართლო 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 147) და ადასტურებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ამ საშუალებების ერთმანეთის პარალელურად და ერთდროულად გამოყენება.
ხაზგასასმელია, რომ ეს ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ოფიციალურ მაცნეში, და, საიამ იგი სამინისტროდან სხვადასხვა აქციის მონიტორინგის დროს გამოითხოვა.
უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს შსს, რომ აქტიური სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენების ამკრძალავი ნორმა არ არსებობს, და, თუ ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ შსს-მ აქციების დაშლის ოპერაციების ინსტრუქცია გააუარესა, და აღნიშნული ნორმა შეცვალა". - წერია განცხადებაში.