გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, საკითხში ინფორმირებულმა წყარომ დამატებითი დეტალების გავრცელების გარეშე განაცხადა, რომ ირანის მხრიდან 1-ელ ოქტომბერს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმაზე საპასუხო გეგმა ისრაელს მზად აქვს.
ამასთანავე, წყაროს ცნობასთან დაკავშირებით გამოცემა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს კომენტარისთვის დაუკავშირდა.
15 ოქტომბერს გამოცემა Washington Post-ი 2 ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაიდენის ადმინისტრაციას აცნობა, რომ საპასუხო იერიშის ფარგლებში, ისრაელი ირანში არა ნავთობის სათავსოებს ან ბირთვულ ობიექტებს, არამედ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყამს.
Washington Post-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სატელეფონო საუბარი აშშ-სა და ისრაელის ლიდერებს შორის 9 ოქტომბერს შედგა.
ბოლო კვირებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 მათგანი მოკვდა და ასობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი: 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, რაც ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.
მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ხოლო ირანმა ამავე დღეს ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო.
ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.
IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.





