ესპანეთი

ესპანეთში რუსეთში გასაგზავნად განკუთვნილი 13 ტონა ქიმიური ნივთიერება ამოიღეს

15 ოქტომბერს ესპანეთის პოლიციამ რუსეთში გასაგზავნად განკუთვნილი 13 ტონა აკრძალული ქიმიური ნივთიერება ამოიღო. ნივთიერება ქიმიური იარაღის მოსამზადებლადაც შესაძლოა გამოყენებულიყო.

ესპანეთის ხელისუფლებამ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. Reuters-ის ცნობით, დაკავებული ეჭვმიტანილები კავშირში არიან დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც, სავარაუდოდ, დაწესებული სანქციების გვერდის ავლით რუსეთს ქიმიურ ნივთიერებებს აწვდიდა.

პოლიციის გამოძიების თანახმად, საერთაშორისოდ სანქცირებული ქიმიკატები, რომელთა ნაწილი ქიმიური იარაღის დასამზადებლადაც შეიძლება იყოს გამოყენებული, ამ კომპანიის გავლით აქამდეც ყოფილა ექსპორტირებული. ამ უკანასკნელ ოპერაციაში ამოღებული ქიმიკატების კონკრეტული დასახელებები საჯაროდ ცნობილი არ არის.

ქიმიკატები ბარსელონას პორტში კონტეინერში აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილები კი ახლომდებარე სოფლებში, აკრძალული საქონლის რეგულარული კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს.

გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ ესპანურმა კომპანიამ საერთაშორისოდ სანქცირებული ქიმიური ნივთიერების რუსეთში ექსპორტისთვის რთული ლოჯისტიკური და ფინანსური სისტემა შეიმუშავა. სისტემის ფარგლებში მოსკოვში ერთი შვილობილი  და სომხეთსა და ყირგიზეთში რამდენიმე ფიქტიური კომპანია დაარსდა, რომლებიც საქონლის ნამდვილი მისამართის დასაფარად გამოიყენებოდა.

კომენტარები